მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა

619104ca17db2
BM.GE
14.11.21 17:10
1144
გთავაზობთ გასული კვირის (8– 13 ოქტომბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ პროექტზე
2. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადებიდან 13.3 მილიარდი ლარით შეივსება
3. რა მოცულობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს მთავრობა 2022 წელს
4. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიში
5. ვინ მიიღებს მთავრობისგან კომუნალურ სუბსიდიას 2022 წელს
6. სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზარალი და IMF-ის რეკომენდაციები
7. 2022 წელს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში დაახლოებით 100 მილიონ ლარს დახარჯავს
8. 1 დეკემბრიდან „მწვანე საშვების“ სპეციალური აპლიკაცია ამოქმედდება
9. რა გავლენას მოახდენს რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი საქართველოს ხორბლის მარაგებზე
10. საქსტატის კვლევის შედეგები: საწარმოების ინოვაციური აქტივობა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში



1. რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ პროექტზე

2022 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტზე შენიშვნები აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რაც ძირითადად ეხება: „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზს“ და ეკონომიკურ სცენარებს, ფისკალური რისკების ანალიზს, მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიას და სხვ. ეროვნული ბანკის შეფასებით კი ,,ის ნეგატიური ეფექტი, რაც მთლიანად ბიუჯეტს შეიძლება 2022 წელს ინფლაციაზე ჰქონდეს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება.’’ ბიუჯეტის ანგარიშიდან ისიც აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მთავრობის სახელფასო ფონდი 177 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.83 მილიარდი ლარი იქნება. რაც შეეხება 2021 წლის 9 თვის მონაცემებს, ამ პერიოდში მთავრობამ შტატგარეშე მოხელეებზე რეკორდულად დიდი თანხა 247 მლნ, ხოლო მივლინებებზე 70.5 მლნ ლარი დახარჯა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Hj5LTm ; https://bit.ly/3c6XgMC ; https://bit.ly/3Hlon52 ; https://bit.ly/3Cj5EDK 


2. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადებიდან 13.3 მილიარდი ლარით შეივსება

ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით 2022 წელს მთავრობა გადასახადებიდან 13.3 მილიარდი ლარით შეავსებს ბიუჯეტს. საიდანაც ყველაზე დიდი წილი დამატებული ღირებულებისა (40.3%) და საშემოსავლო გადასახადებს (32,1%) უჭირავთ. აღსანიშნავია, რომ განახლებული პროექტის მიხედვით მთავრობამ გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები 220 მილიონი ლარით გაზარდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3C8SHft 

3. რა მოცულობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს მთავრობა 2022 წელს

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით საქართველოს მთავრობა 4.35 მილიარდი ლარის მოცულობის ახალ სესხებს აიღებს, საიდანაც 1.3 მილიარდი ლარი შიდა ვალი იქნება. საგარეო ვალებიდან ყველაზე მეტს აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მიიღებს (318 მილიონი ლარი). მომდევნო წელს, ვალის აღებასთან ერთად მთავრობა 1.23 მილიარდის ვალს დაფარავს. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cc3Xgp ; https://bit.ly/3qrprhU 


4. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიში

2018 წლის 19 ივლისის პარლამენტის დადგენილების თანახმად კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. აღნიშნული კვლევა რეალიზებული პროდუქციის ფასნამატსა და მედიკამენტების მზარდი ფასების შესწავლას უკავშირდებოდა. როგორც კვლევამ აჩვენა, მედიკამენტებზე ფასნამატი 30%-35%-ის ფარგლებშია. საგენტოს მთავარი რეკომენდაცია არის, რომ შეიზღუდოს სააფთიაქო ბაზრის ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობა და დაინერგოს "რეცეპტისა და დანიშნულების გამოწერის პოლიტიკა’’, რაც მომხმარებლებს იაფიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას მისცემს. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით წლის ბოლოს საზოგადოებას ფარმაცევტული ბაზრის კვლევის კვალიფიციურ ანალიზს წარუდგენენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oqsVyr ; https://bit.ly/3nbtfBO ; https://bit.ly/3oqsYu7 

5. ვინ მიიღებს მთავრობისგან კომუნალურ სუბსიდიას 2022 წელს

2020 წელს მარტი-მაისისა და ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308,4 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო 2021 წლის 9 თვის განმავლობაში 118.6 მლნ ლარი. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც გაგრძელდება, ოღონდ ის მიზობრივი ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ისარგებლებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FbB00I ; https://bit.ly/3cbOv48 ; https://bit.ly/3HoirYY 

6. სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზარალი და IMF-ის რეკომენდაციები

სახელმწიფო საწარმოების აბსოლუტური უმეტესობა ზარალიანი და მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მთავრობას კომპანიების რეფორმებისა და სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაციებს აძლევს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილის განცხადებით უნდა დამტკიცეს სახელმწიფო საწარმოების სია, რომელშიც რეფორმა განხორციელდება. სანამ მთავრობა ფისკალური რეფორმის სამზადისშია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სავალუტო შოკის შემთხვევაში 2022 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალმა შესაძლოა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბოს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3onIerQ ; https://bit.ly/30iV0zV 

7. 2022 წელს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში დაახლოებით 100 მილიონ ლარს დახარჯავს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით 2022 წელს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში დაახლოებით 100 მილიონ ლარს დახარჯავს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროგრამას “აწარმოე საქართველოს” სხვა პროგრამებთან შედარებით ყველაზე დაბალი გეგმის შესრულების მაჩვენებელი აქვს, მიმდინარე წლის 9 თვეში ასათვისებელი 41,5 მილიონი ლარიდან მისი მხოლოდ 42.7%-ის ათვისება მოხდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/30uwage 

8. 1 დეკემბრიდან „მწვანე საშვების“ სპეციალური აპლიკაცია ამოქმედდება

უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ,,1 დეკემბრიდან გასართობ და სოციალური აქტივობის დაწესებულებებში მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე საშვების“ წარდგენის შემთხვევაში დაიშვებიან.’’ საშვი გაიცემა იუსტიციის სახლში, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. პირს მწვანე სტატუსი მიენიჭება თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ პირობას მაინც: ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YL0S3X ; https://bit.ly/320cod7 ; https://bit.ly/2YIKKjp 


9. რა გავლენას მოახდენს რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი საქართველოს ხორბლის მარაგებზე

საქართველოში 2021 წლის 9 თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფქვილის იმპორტი 82%-ით გაიზარდა, იმპორტირებული ფქვილის 96%-ს კი რუსული ფქვილი წარმოადგენს. შიდა ბაზრის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად 17 ნოემბრიდან რუსეთი ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ საბაჟო გადასახადს ზრდის. 2022 წლის პირველ ნახევრიდან კი მარცვლეული კულტურების ექსპორტზე კვოტების დაწესებას გეგმავს. რაც ცხადია აღნიშნული პროდუქტის მარაგების დეფიციტისა და ფასების ზრდის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველოში, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 59,5%-დან 65,7%-მდე სახელმწიფო საკუთრებაშია, არის დაუმუშავებელი და გამოუყენებელი, ცხადია ამ პირობებში სურსათის უზრუნველყოფის პრობლემები გადაუჭრელი იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YNXFRk 

10. საქსტატის კვლევის შედეგები: საწარმოების ინოვაციური აქტივობა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში
საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის ,,საწარმოების ინოვაციური აქტივობა’’ ძირითადი შედეგები ასეთია: 2020 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა და სხვ. (სრულად: https://bit.ly/3caydZ ). კიდევ ერთი კვლევის ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში’’ მიხედვით 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 95.0%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ასევე, საწარმოთა 62.8% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს (სრულად: https://bit.ly/3qxtlWx ).