მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lost Ridge - კრაფტ ლუდი კახეთიდან

5f295dc9332dc
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 22:21
2747
ქართულ-ამერიკული ინვესტიციითა და ამერიკელი პარტნიორების ინიციატივით კრაფტ ლუდის LOST RIDGE-ის წარმოება კახეთში, სოფელ ქედელში 2 წლის წინ დაიწყო - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია Lost Ridge Brewery-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ალექსი ბექაურმა განუცხადა.

ლუდსახარში სიღნაღის რაიონის სოფელ ქედელში მდებარეობს და ტურისტული კომპლექსის Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნესის განვითარების მენეჯერის თქმით, დღეისთვის ლუდსახარშში 7 სახეობის ლუდი იწარმოება. Lost Ridge Brewery-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის თქმით, კრაფტ ლუდის წარმოების ამოქმედებისთვის 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

„იდეა დაახლოებით 5 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოება. ენი და დაგი, ჩვენი პარტნიორები კრაფტ ლუდის დიდი მოყვარულები არიან და საქართველოში ხშირი სტუმრობისას სულ აკლდათ ეს პროდუქტი, რამაც უბიძგათ ქართველ პარტნიორებთან ია თაბაგართან და ჯონ ვურდემანთან ერთად მისი წარმოება დაეწყოთ.

ამ ეტაპზე ლუდსახარშის ყოველთვიური წარმადობა დაახლოებით 4 ტონამდე აღწევს, რაც მიკროსახარშისთვის საკმაოდ დიდი მოცულობაა.

ლუდსახარშში 350 ლიტრიანი სისტემა გვაქვს, ე.წ. 3 barrel system, რომელშიც ამ ეტაპზე 7 სახეობის ლუდს ვხარშავთ, თუმცა დროთა განმავლობაში ასორტიმენტის გაზრდას ვფიქრობთ“, - განაცხადა ალექსი ბექაურმა.

მისი თქმით, ლუდის დაგეგმილი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე პანდემიის გამო შეიცვალა.

„ამ ეტაპზე რეალიზაცია ადგილზე - ჩვენს სასტუმროში, სიღნაღის რამდენიმე რესტორანში ხდება. ხოლო თბილისში ჩვენი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ფაბრიკაში, კერძოდ კი Camora Basement-ში, Dadi Wine Bar-ში, ვაკის ბისტროში, Gvino-ში და Vino Underground-ში.

მანამდე უფრო მეტ ადგილას შეგვქონდა ჩვენი პროდუქცია, უბრალოდ პანდემიამ გეგმები აგვირია, თუმცა ახლა კვლავ ვუბრუნდებით ჩვეულ საქმიანობას და ვფიქრობთ, რებრენდინგის; მერე უფრო მეტად და კარგად გავაცნობთ საზოგადოებას თავს“, - განაცხადა კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანიამ საქართველოში წარმოებული კრაფტ ლუდის მცირე მოცულობა შვედეთში გაიტანა ექსპორტზე, ხოლო რებრენდინგის შემდეგ ქართული კრაფტ ლუდის საექსპორტო ბაზრად ლუდის მწარმოებლები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს მოიაზრებენ.

„ჩვენ ასევე გვაქვს ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება, როდესაც ჩვენი ბელგიური სტილის ლუდი "ტრიპლი" შვედეთში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის ბარში გაიყიდა. ამ კუთხით ვაპირებთ კიდევ აქტიურ მუშაობას და ქართულის გარდა, სხვა ბაზრების ათვისებას.

რაც შეეხება მოცულობას, ამ ეტაპზე სულ რამდენიმე ყუთზეა საუბარი, ასე ვთქვათ სატესტო გასვლა იყო ჩვენი, რათა გვენახა რამდენად კარგად გაიყიდებოდა ლუდი უცხოურ ბაზარზე.

მომავალში საექსპორტოდ განვიხილავთ, როგორც ევროპას, ასევე აშშ-ს. მეღვინეობიდან გვაქვს რამდენიმე დისტრიბუტორთან კარგი კავშირი, რომლებიც გვეხმრებიან ამ კუთხით, თუმცა დეტალებზე ამ დრომდე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ალექსი ბექაურმა.