მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე; "უახლოეს მომავალში დედაქალაქში ახალი 4-კილომეტრიანი ველობილიკი მოეწყობა"

5d874be30217a
თელარა გელანტია
22.09.19 14:19
1096
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მონაწილეობა მიიღეს ველოგარბენში, რომელიც საერთაშორისო აქციის „დღე მანქანის გარეშე“ მხარდასაჭერად გაიმართა.

„დღე მანქანის გარეშე“ ევროკომისიის მიერ 2000 წელს დაარსდა და ყოველ 22 სექტემბერს აღინიშნება.

საერთაშორისო დღეს თბილისი პირველად 2016 წელს შეუერთდა. ტრადიციულად, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ღონისძიების ორგანიზატორია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”. დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობა კი ველოგარბენში მუდმივად მონაწილეობს.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში დედაქალაქში ახალი 4-კილომეტრიანი ველობილიკი მოეწყობა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერის პრიორიტეტებშია ეს მიმართულება და მათ შორის ის, რომ ველოსიპედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი იყოს. უახლოეს მომავალში ქალაქს ახალი 4-კილომეტრიანი ველობილიკი შეემატება. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირისა და ხიზანიშვილი-ვეკუას მონაკვეთი, რომელიც მომდევნო წლებში მთელ თბილისს დააკავშირებს ერთმანეთთან. ასევე, სამომავლოდ ხელს შევუწყობთ ე.წ. თვითმრგოლების, სკუტერების ქალაქში სიარულს. ასობით მილიონი ლარი იხარჯება მერიის ინიციატივით და ცენტრალური მთავრობის დახმარებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ველობილიკების და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურა განვითარდეს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ელჩებმა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის მერს იმ ინიციატივებისთვის, რაც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კეთდება და განაცხადეს, რომ აღნიშნული პოლიტიკა თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად აქცევს.

2018 წლის ზაფხულში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის მერიას დაწყებული აქვს მასშტაბური პროექტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და ამგვარად, კერძო ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირების სტიმულირებას გულისხმობს. ამავე პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ველობილიკების ფართო ქსელის შექმნა.

გასულ წელს, კოსტავასა და შარტავას ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალი ველობილიკი მოეწყო.
ამასთანავე, მიმდინარე წელს ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციისას თანამედროვე სტანდარტების ველობილიკების გაყვანა იგეგმება.