მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის (23-28 ნოემბერი 2020) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

5fc3a98f5c3ef
ირაკლი მაკალათია
29.11.20 18:09
1006
1. მთავრობამ სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის 1.1-მილიარდ ლარიანი პაკეტი წარადგინა
2. მიმდინარე და 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
3. თბილისში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრების ერთობლივი განცხადების თანახმად ათიათასობით სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას
4. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი ხუთწლიან მაქსიმუმზეა, გაძვირდა პურის ფქვილიც. როგორ აისახება პურის ფასზე?
5. საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განაგრძობს, როგორ იმოქმედა კურსზე სავალუტო აუქციონზე 46.5 მილიონი დოლარის გაყიდვამ
6. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან მოქალაქეებს გამოსვლის შესაძლებლობა არ ექნებათ
7. 2020 წლის 10 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი დღგ და საშემოსავლო გადასახადების მოცულობა შემცირებულია, ხოლო მოგებისა და აქციზის გადასახადის მოცულობა გაზრდილი
8. ევროკავშირმა საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევრო გადმოურიცხა
9. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების გადარჩევა დასრულდა
10. PWC-ის ბიზნეს კვლევის შედეგები

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვები გაამკაცრა. შეზღუდვები გავრცელდება ვაჭრობის სფეროზე, რესტორნებსა და კვების ობიექტებზე, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს, შეზღუდვები შემსუბუქდება 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში, ასევე 16 იანვრიდან შაბათ-კვირის გარდა აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა.

შეზღუდვები არ ეხება: სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; საბანკო და საფინანსო საქმიანობას; სილამაზის სალონებს; აგრარული ბაზრობის მუშაობას; დელივერისა და გატანის სერვისებს.
https://bit.ly/3o7dARw


1 . მთავრობამ სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის 1.1-მილიარდ ლარიანი პაკეტი წარადგინა

დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალებული ბიზნესისა და მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობამ სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის 1,1 მილიარ ლარიანი პაკეტი წარადგინა. რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ტურიზმი და სარესტორნო ბიზნესი; საშემოსავლო გადასახადის შეღავათი; უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია; საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთათვის 300-ლარიანი კომპენსაციები და სესხების გადავადებაში მხარდაჭერა; სოციალურად დაუცველებისთვის 100-ლარიანი დახმარება 6 თვის მანძილზე; მოსახლეობის კომუნალური გადასახადის სუბსიდირების 4-თვიანი პროგრამა
ვრცლად დახმარებების შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2J9Vu2M


2. მიმდინარე და 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

პანდემიის გამო გატარებული რეგულაციები უარყოფითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე, შედეგად 2020 წლის მეორე კვარტალში რეალური მშპ 13,2%-ით შემცირდა. არც მომდევნო პერიოდის პროგნოზებია ოპტიმისტური. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2020 წლის IV კვარტალში ეკონომიკა 4.3%-ით შემცირდება. საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით შეზღუდვები ეკონომიკაზე მხოლოდ -0.7%-0.8%-ით აისახება. ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით მიმდინარე წელს ეკონომიკის კლება 5%-ზე მეტი იქნება, ხოლო 2021 წელს 4,3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა შესაძლოა პროგნოზის გადახედვა მოხდა.

რამდენად გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა მორიგ შეზღუდვებს? პირველი ლოქდაუნის შედეგად ოფიციალური მონაცემებით 100 000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური, ეს რაც დაკვირვებადი ეკონომიკის მონაცემებია, ხოლო აღურიცხავ ეკონომიკაში სადაც თვითდასაქმებულთა წილი მაღალია, ახლა კიდევ უფრო გაუარესდა. შესაბამისად კიდევ ერთი ფართო მასშტაბიანი ჩაკეტვა მძიმე დარტყმა იქნება ეკონომიკისა და დასაქმებულებისთვის.

ამასთან, როცა 2021 წელს დადებითი ეკონომიკური ზრდას პროგნოზირებენ, მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ 2020-ის გაჩერებული ეკონომიკა ამუშავდა და გასული წლების ტენდენციას დაუბრუნდა, ცხადია გაჩერებული ეკონომიკის შემდეგ პროცენტულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ბევრად მარტივია, ვიდრე მოქმედი ეკონომიკის გაუმჯობესება და ზრდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nYjGno; https://bit.ly/3mibn5u; https://bit.ly/3mhV1JW


3. თბილისში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრების ერთობლივი განცხადების თანახმად, ათიათასობით სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას

„თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“, „ქარვასლა“, „სითი მოლი“ და „გლდანი მოლი“ მთავრობას 6 მოთხოვნით მიმართავენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ათიათასობით სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას. მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრებში პირდაპირ დასაქმებულია 2000–მდე თანამშრომელი, ხოლო მაღაზიებში დასაქმებულია 15,000–მდე თანამშრომელი. რომელთა შენარჩუნებასაც ვერ შეძლებენ. სავაჭრო ცენტრების ერთობლივი მოთხოვნა უკავშირდება: ქონების გადასახადის გაუქმებას, ხელფასზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე არსებული შეღავათის გაგრძელებას, ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებას. როგორც „ლილო მოლის“ დირექტორი, გიორგი კვარაცხელია საუბრობს, რომ ბევრი ვალი დაგვიგროვდათ, რომლის გასტუმრებასაც წლის ბოლომდე აპირებდნენ, მაგრამ შეზღუდვების მეორე ტალღამ კიდევ უფრო მძიმე დაღი დაასვა ბიზნესს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qdNez4; https://bit.ly/33rn6ax


4. საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი ხუთწლიან მაქსიმუმზეა, გაძვირდა პურის ფქვილიც. როგორ აისახება პურის ფასზე?

2014 წლის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი მაქსიმუმზეა. რომლის მიზეზებიც არის: ექპორტირი ქვეყნებში მოსავლის კლება, კოვიდ-19-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვების ზრდა, საქართველოში ამ ფაქტორებს ემატება ისიც რომ ლარის კურსი გაუფასურდა დოლართან მიმართებით, რამაც გააძვირა ექსპორტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პურზე ფასი არ მოიმატებს, რის მიზეზადაც პირველ რიგში მოყავს ქვეყანაში საკმარისი მარაგები, ამავე დროს მთავრობა ფქვილის ფასს 10 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს. პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Ve8h6r; https://bit.ly/2JlWb99; https://bit.ly/3mlpLJZ


5. საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განაგრძობს, როგორ იმოქმედა კურსზე სავალუტო აუქციონზე 46.5 მილიონი დოლარის გაყიდვამ

25 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რიგით 24-ე ინტერვენცია განახორციელა, სავალუტო აუქციონზე ამჯერად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა და აქედან 46.5 მილიონი გაყიდა. 46,5 მილიოანიანმა ინტერვენციამ ლარის აშშ დოლართან მიმართებით ნახევარი თეთრით გაამყარა. 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჯამში 823.4 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36hXJcZ


6. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან მოქალაქეებს გამოსვლის შესაძლებლობა არ ექნებათ

საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივებმა 1,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. საიდანაც 70.8% ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 27.8% კი სარგებლიან ანგარიშებში არის განთავსებული.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მთავრობა მოქალაქეებს არც საპენსიო სქემიდან გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს და არც შენატანებს არ აჩერებს. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ,,არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა.’’ პანდემია არის შედარებით მოკლევადიანი, ხოლო საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი საბაზისო რეფორმა.

იმ ფონზე, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, მოსახლეობა კარგავს სამუშაო ადგილებს და შემოსავლები უმცირდებათ, როცა არათუ შორეული, არამედ ახლო მომავლის დაგეგმვაც პრობლემაა, ამ ფონზე საკითხავია, თუ რამდენადაა მიზანშეწონილი საპენსიო ფონდის სქემის გაგრძელება, რატომ არ იგეგმება თუნდაც ფონდის დროებით შეჩერება, რაც მიმდინარე დანაზოგებს გაუზრდიდა როგორც ბიზნესს, ისე მოქალაქეებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37f2hQF; https://bit.ly/33qjfug


7. 2020 წლის 10 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი დღგ და საშემოსავლო გადასახადების მოცულობა შემცირებულია, ხოლო მოგებისა და აქციზის გადასახადის მოცულობა გაზრდილი

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 10 თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 310 მილიონი ლარით შემცირდა, ასევე შემცირდა საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტში შეტანილის შემოსავლები, კონკრეტულად კი 161 მილიონი ლარით შემცირდა. ცხადია ორივე ამ მაჩვენებლის შემცირება, პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკის შედეგია. შეზღუდვების შედეგად შემცირებული წარმოება ნაკლებ დღგ-ს იხდის ბიუჯეტში, ხოლო ნაკლები წარმოება ნიშნავს ნაკლებ დასაქმებულთა რაოდენობას, რაც აისახება კიდეც საშემოსავლო გადასახადის კლებაზე. გადასახადის შემცირებაზე ასევე მოქმედებს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათი, კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასები საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებულია, ასევე გადასახადისგან ნაწილობრივ თავისუფლდება 1500 ლარამდე ხელფასები.

მიუხედავად ამისა მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა გაზრდილია 62 მილიონი ლარით, ხოლო აქციზიდან მიღებული შემოსავალი 92 მილიონი ლარით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mnG4WQ; https://bit.ly/2Vg3OA8



8. ევროკავშირმა საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევრო გადმოურიცხა

მორიგი ფინანსური დახმარება, რასაც საქართველო მიიღებს არის ის, რომ ,,ვროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა.’’ რაც მიზნად ისახავს საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერასა და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შემსუბუქებას. 100 მილიონიდან, 95 მლნ ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხია, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fJGAfr



9. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების გადარჩევა დასრულდა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს საგრანტო პროგრამა, რომელიც მიმართული იყო მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად, დასრულდა. სულ მიღებული იყო 26 307 განაცხადი, საიდანაც შემდეგ ეტაპზე გადავიდა 4 103 მათგანი. მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტებს განაცხადის შევსება დეკემბრის დასაწყისში შეეძლებათ, მანამდე კი ბიზნესგეგმების წერის ტრენინგები ჩაუტარდებათ. სააგენტო აღნიშნულ პროექტს წლებია აკეთებს, 2015-2018 წლებში დაფინანსებული აქვს 6 212 პროექტი და ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37lgXO0



10. PWC-ის ბიზნეს კვლევის შედეგები

ინვესტორთა საბჭოს ეგიდით "PwC საქართველომ" კერძო სექტორის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარდა 11 სექტემბერი - 2 ოქტომბრის შუალედში, ონლაინ გამოკითხვის გზით, სადაც გამოიკითხა 774 ბიზნეს სუბიექტი.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს შემოსავლები 50%-ზე მეტად შეუმცირდა. კვლევის მიხედვით პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა სასტუმროები და კვების ობიექტები. კომპანიებს შორის, ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილები დიდი ზომის კომპანიები არიან, რომელთაც ყველაზე ნაკლებად დაუდგათ ლიკვიდობის პრობლემა, სამაგიეროდ პრობლემატური აღმოჩნდა მცირე კომპანიებისათვის და განსაკუთრებით თვითდასაქმებული რესპონდენტებისთვის.კომპანიების დაახლოებით, 75%-მა შეძლო ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ გადავადება, ხოლო ფინანსურ ინსტიტუტებს სესხის რესტრუქტურიზაციისა და დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით ძირითადად საშუალო და დიდი ზომის კომპანიები მიმართავენ.

აღნიშნული კვლევა შეზღუდვების მეორე ტალღამდე ჩატარდა. 28 ნომებრიდან დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო დააზარალებს კერძო სექტორს და მომდევნო წლის შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება ვიდრე აღნიშნული კვლევის მაჩვენებლები.

ვრცლად კვლევის შესახებ: https://bit.ly/33mYiQM; https://bit.ly/39r0mLE