მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მნიშვნელოვანია იმ ნაკლოვანებების აღმოჩენა, რამაც ამა თუ იმ ინვესტორის წასვლა გამოიწვია“

5ef0cbaf9def4
ინგა მურუსიძე
22.06.20 19:20
1033
"მნიშვნელოვანია იმ ნაკლოვანებების აღმოჩენა, რამაც გამოიწვია თითოეული ინვესტორის წასვლა საქართველოდან" - სწორედ ეს და სხვა საკითხები დააყენეს ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ონლაინ-ფორმატში გაიმართა.

შეხვედრის დეტალებზე bm.ge-ის "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი კაჭარავა ესაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე არაერთ თემაზე იმსჯელეს.

"ბიზნესმა ბევრი საკითხი დააყენა, მათ შორის იყო ლარის კურსის დასტაბილურების თემა, ასევე, სასამართლო რეფორმაზე იყო საუბარი; იყო მსჯელობა ენერგოსექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე; ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ გაგზავნილია წერილები სხვადასხვა პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან და მიდის მუშაობა ინვესტორების შემოყვანაზე. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია თითოეულ არსებულ ინვესტორზე ზრუნვა და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა, ასევე, იმ ნაკლოვანებების აღმოჩენა, რამაც გამოიწვია თითოეული ინვესტორის წასვლა საქართველოდან. უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ინვესტორი გენერირებს ძალიან დიდ უარყოფით ტალღას იმ ქვეყნის მიმართ, რომლიდანაც ის გადის. ჩვენი შეთავაზება იყო, ისეთი პაკეტების შექმნა, რაც გაზრდის ინვესტორის სურვილს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის მიყვანა ადგილზე, ეს იქნება მიწის გადაცემა, ელექტრონული ფასების დაფიქსირება და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთობლივი კომუნიკაციის შედეგად“, - განაცხადა კაჭარავამ.

რაც შეეხება საკითხს, რომელიც სხდომაზე უშუალოდ EUGBC-მ დააყენა, ფარმაციას შეეხება. 

„ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ რამდენიმე სექტორზე და მათგან ერთია GMP-ს სტანდარტიზაციის საკითხი, რაც პირდაპირ არის მიბმული ფარმაცევტული დარგის განვითარებასთან და ინვესტიციების შემოსვლასთან. მაგალითად, 2022 წელს ვაპირებთ და უნდა გადავიდეთ GMP სტანდარტზე, მაგრამ არც მთავრობა და არც ბიზნესი ამისთვის მზად არ არის, არც საგზაო რუკაა შემუშავებული, თუნდაც იმისთვის, რომ თითოეული კომპანიისთვის ეს გადასვლა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომებს და უნდა იქნას შეთანხმებული მთავრობასთან. თუ გეგმა წინასწარ არ იქნა შეთანხმებული, მერე შეიძლება გვითხრან, რომ არასწორად გადავედით და უზარმაზარი ინვესტიცია ჩაიყაროს წყალში“, - განაცხადა მან.

კაჭარავას თქმით, ზუსტად იმიტომ, რომ ეს საკითხი არაა დარეგულირებული,  ქართული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, დაახლოებით, 70 მლნ ლარის ინვესტიცია ფერხდება.

„გარდა ამისა, თუ სტატუს-ქვო შენარჩუნდა და არ შემუშავდა შესაბამისი საგზაო რუკა, ბიზნესთან შეთანხმებით, მაშინ დაიკარგება ბევრი სამუშაო ადგილი და მოხდება ქართული ფარმაცევტული საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობის დახურვა ან მათი ნაწილის გატანა საზღვარგარეთ. დავაყენეთ საკითხი, რომ GMP - სტანდარტზე გადასვლის გეგმა მთავრობამ უნდა შეათანხმოს ბიზნესთან. ალბათ ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, მაგრამ GMP სტანდარტის ერთ-ერთი მოთხოვნა არის ევროპული ხარისხის წყალი, დენი და გაზი ანუ ფარმაცევტულ კომპანიებს უნდა მიეწოდოს ევროპული ხარისხის პროდუქტი, რაც დღეს შეუძლებელია და გადასვლის გრაფიკი უნდა იქნას შეთანხმებული“, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

მისივე თქმით, ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ასევე, დააყენა საკითხი ქართული ფარმაცევტული კომპანიების მიმართ დისკრიმინაციულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართულ წამლებს GMP სტანდარტი უნდა ჰქონდეთ, ხოლო იმპორტირებულს - არა.

კაჭარავა ირწმუნება, ამ თემაზე მთავრობისგან პასუხი ვერ მოისმინა, თუმცა აღიარებენ, რომ რაღაც არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა კონსულტაციებზე წამოვა.

პრემიერმა ინვესტორთა საბჭოს სხდომა გამართა - თემები, რაზეც იმსჯელეს