მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანილის მოყვანისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია 400 000 ლარის საკონსულტაციო სერვისს ყიდულობს

5f894ff2448ce
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.20 13:00
2330
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანია “იმერეთის აგრო ზონა”, რომელიც რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარებას ისახავს მიზნად, 413,000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო სერვისს შეისყიდის. შესაბამისი განაცხადით კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. საკონსულტაციო კომპანია გეოჰოლდინგ & KSH-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების თანახმად, ამ უკანასკნელმა "იმერეთის აგრო ზონისთვის" განვითარების გეგმა უნდა შეიმუშავოს. 

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად სახელმწიფო კომპანია სასათბურე კლასტერის სხვა ტერიტორიაზე განვითარებას გეგმავდა, თუმცა მათი კონსულტანტის, კომპანია გეოჰოლდინგ & KSH-ის კვლევით დადგინდა, რომ თავდაპირველი ტერიტორია სანიტარული დაცვის ზონას წარმოადგენდა, რის გამოც კომპანიამ მთავრობისგან მიწების გაცვლა მოითხოვა. შედეგად, “იმერეთის აგრო ზონას” 219 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა, ამ მიწის ფართობზე საკონსულტაციო სამუშაოებისთვის კი კომპანია გეოჰოლდინგ & KSH-ს დამატებით 413 ათას ლარს გადაუხდის.

“შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იმერეთის აგრო ზონას“ დამფუძნებელი გახლავთ „სოფლის განვითარების სააგენტო“. კომპანია 2017 წელს შეიქმნა, იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების მიზნით, რისთვისაც მას სააგენტომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე 125 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა.

2019 წლის ნოემბერში კომპანიამ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვა კონკურსის გზით (განაცხადის ნომერი CNT190000124), რომლის საფუძველზეც, 2020 წლის 31 იანვარს, ამხანაგობა გეოჰოლდინგ & KSH (ქართულ-ჰოლანდიური კონსორციუმი, შემდეგში მიმწოდებელი) გაფორმდა ხელშეკრულება საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურებაზე (კლასიფიკატორის კოდი CPV79415200).

მიმწოდებელმა, მომსახურების გაწევის ეტაპზე, დაადგინა რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სასმელი წყლის სატუმბი სადგურის სიახლოვეს და სატუმბი სადგურის სანიტარული დაცვის ზონა ნაწილობრივ ფარავს არსებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, მიმწოდებელმა კომპანიას მისცა რეკომენდაცია მოეხდინა მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება ახალი მიწის ნაკვეთით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა რეკომენდაცია და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 სექტემბრის N 1831 დადგენილებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთები წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში (სულ 219 ჰა), ხოლო თავის მხრივ, სააგენტომ, აღნიშნული მიწის ნაკვეთები კომპანიის კაპიტალში შეიტანა სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განსახორციელებლად.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროისთვის, მიმწოდებელს ფაქტიურად დასრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, პროექტის მმართველ კომიტეტს წარედგინა ჩატარებული სამუშაოების საბოლოო ანგარიში. კომიტეტმა მოიწონა საბოლოო ანგარიში და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო შემდგომი ეტაპები განსაზღვრა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ახალი მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, განხილულ იქნა როგორც ახალი გარემოება და მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს კომპანიასა და ამხანაგობა გეოჰოლდინგ & KSH -ს შორის არსებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება გაიზარდა 10%-ით და მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, ახალ მიწის ნაკვეთებზე მოახდინოს გენერალური გეგმის დაპროექტება და სხვა სამუშაოების ჩატარება პროექტის კონცეფციის შესაბამისად,”- ნათქვამია კომპანიის განაცხადში.

რატომ დააფუძნა მთავრობამ იმერეთის აგრო ზონის კომპანია?

ოფიციალური განმარტების თანახმად, „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი გულისხმობს, რომ კომპანია, არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განავითარებს სასათბურე მეურნეობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, როგორებიცაა: შიდა და გარე გზები, ბუნებრივი არის და ელექტრო ენერგიის წყაროების მიყვანა აღნიშნულ ტერიტორიებამდე, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ ამ ინფრასტრუქტურის შექმნა დააინტერესებს კერძო ინვესტორებს და ისინი განახორცილებენ ინვესტიციებს სასათბურე მეურნეობებში. თუმცა, ამ დროისთვის გაურკვეველია თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიღოს მთავრობის მიერ პროექტში ჩადებულმა მილიონობით ლარის ფულადმა რესურსმა.