მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mytravel, Myauto-ს აუქციონი და Trade-in - როგორია MY.GE-ის განვითარების გეგმები

6096580d40221
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.21 21:00
1135
საქართველოში ციფრული კომერციის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა My.ge 2003 წელს ლაშა და კახა გიგიტელაშვილებმა აამოქმედეს და მას შემდეგ ეტაპობრივ და მუდმივ განვითარებით სერვისების დამატებას პანდემიის შემდეგაც განაგრძობენ.

კომპანიის უახლოეს გეგმებში სხვადასხვა მიმართულებით მომხმარებლისთვის ახალი მომსახურების შეთავაზება შედის, როგორც არის ახალი პლატფრომა Mytravel.ge, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის მიმართლებით ახალი აპლიკაციის ჩაშვება და ამ კუთხით ფიზიკური პირებისთვის აუქციონით გაყიდვის შეთავაზება და ასევე Trade-in მომსახურების დამატება.

სიახლეებსა და გეგმებზე კომპანიის წარმომადგენლებმა, კერძოდ My.ge-ს საოპერაციო ლიდი და mymarket-ის მიმართულების ხელმძღვანელმა ნიკა ჩილინდრიშვილმა და My.ge-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურთაზ ფუტკარაძემ Forbes კვირასთან ინტერვიუში ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გეგმები ეკოსისტემური სერვისების განვითარებას უკავშირდება.

„მომხმარებელმა პლატფორმიდან გაუსვლელად ნებისმიერი სახის მომსახურება უნდა მიიღოს, რაც შეიძლება იყოს ნივთის, სახლის, მანქანის ყიდვასთან დაკავშირებული დაზღვევა, სესხის აღება და თუ სხვა მომსახურებები, რაზეც პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და სხვადასხვა სერვისებს ერთ პლატფორმაზე ვაინტეგრირებთ. დაგეგმილი გვაქვს Trade-in სერვისის ამოქმედება, რომელიც მომხმარებელს თანხის მომენტალურად მიღების საშუალებას მისცემს, რადგან მათ შეთავაზებულ პროდუქტს თუ ნივთს ჩვენ შევიძენთ. ასევე ავამოქმედებთ მეორადი ნივთების აუქციონსაც და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ინტერესი დიდი იქნება. რაც ყველაზე მთავარია, განვითარების პროცესში, კრიზისების მიუხედავად არ ვუხვევთ იმ მიზანს, რაც თავიდან გვქონდა“, - განაცხადა ნიკა ჩილინდრიშვილმა.

მურთაზ ფუტკარაძემ ახალ სერვისებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს კომპანია 140 ადამიანი დასაქმებული, ხოლო სიახლეების ამოქმედებასთან ერთად My.Ge დამატებით 10 სამუშაო ადგილს შექმნის და ჯამში 150 ადამიანს დაასაქმებს.

„უძრავი ქონების გაქირავების მიმართულებით, მომავალ კვირას ახალი გვერდი Mytravel.ge ჩაეშვება, რაც ტურიზმის ინდუსტრიას კიდევ უფრო გააციფრულებს. ის დაეხმარება ნებისმიერ პირს თუ კომპანიას, რომ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით გააქირავოს ოთახები ან სასტუმროს ნომრები. იმის გამო, რომ ჩვენ ლოკალური კომპანია ვართ, მომსახურებას ადგილობრივ მოთხოვნებს მოვარგებთ და ახალ გვერდზე შემოსული დაინტერესებული პირი იპოვის ისეთ ფილტრს, როგორიც იქნება „დიასახლისთან ერთად“. ეს პატარა მაგალითია რამდენად მორგებული ვიქნებით ადგილობრივ მოთხოვნებზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ Myauto-ს შემთხვევაში, აქამდე მხოლოდ კომპანიების ქონება გამოდიოდა აუქციონზე, ჩვენ კი უკვე ივნისიდან ფიზიკურ პირს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების აუქციონის პრონციპით გაყიდონ. ამ კუთხით შექმნილ სპეციალურ აპლიკაციაში ინტეგრირებული იქნება ყველა ის სერვისი, რაც ავტომობილის მფლობელს ესაჭიროება, ეს იქნება დაზღვევა, სესხი თუ სხვა მომსახურება. აპლიკაციის დაპირება, რომელიც ივნისში გაეშვება, იქნება „ავტოსამყარო შენს ხელში“, - განმარტა მურთაზ ფუტკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმა MY.GE 2003 წელს შეიქმნა და მას ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 9 ვებ-გვერდს Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports, Mystartups აერთიანებს.