18.მაისი .2020 15:52

"ნაციონალური დელიკატესის" საექსპორტო გეგმები პანდემიამ შეცვალა

views 452
უკან

კომპანია “ნაციონალური დელიკატესი” ერთ-ერთია იმ მრავალ ბიზნესს შორის, რომლის გეგმებიც პანდემიამ შეცვალა.
როგორც კომპანიის facebook-გვერდის აღწერაშია მითითებული, „ნაციონალური დელიკატესის“ მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს მზა, 100% -ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს. მისი განსაკუთრებულობა კი, მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნედლი ხორცითა და ბოსტნეულით.

„ჩვენი პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და დროის ფაქტორი - მხოლოდ 2 წუთი მიკროტალღურ ღუმელში და შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები“, - აცხადებენ კომპანიაში.

“ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი ოთარ სიმონიშვილი bm.ge-ის უყვება, რომ კომპანია უკვე რამდენიმე წელია ქართულ ჯარსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მშრალი ულუფის პროდუქციით ამარაგებს, თუმცა პანდემიის გამო, სახელმწიფო შესყიდვების ვადამაც გადაიწია.

გარდა ამისა, მისი თქმით, პოლონეთსა და უკრაინაში პროდუქციის ექსპორტსაც გეგმავდნენ, მაგრამ ეს გეგმაც პანდემიამ დააკორექტირა.

„პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმ ეტაპზე იყო, რომ კონტრაქტით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ ეს პროცესი დროებით გადადო“, - ამბობს სიმონიშვილი, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ პანდემიის პირველი შოკის დროს კატასტროფულად გაიზარდა მათი პროდუქციის გაყიდვები.

„ნაციონალური დელიკატესის” პროდუქტი მოსამარაგებლად ხელსაყრელია, რადგან მისი შენახვა 2 წელია შესაძლებელი, მოსამზადებლად კი, 2 წუთია საჭირო“, - აღნიშნა მან.

ოთარ სიმონიშვილმა BM.GE-ისთან კომპანიის გადაწყობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და გვითხრა, რომ ეს მარტივი არ ყოფილა. „დისტანციის დაცვის გამო, კომპანიაში წარმოების პროცესის შეცვლა მოგვიწია. კიდევ ერთი პრობლემა თანამშრომლების ტრანსპორტირება გახდა. ჩვენი საწარმო კახეთშია, იქ ასეთი მარტივი არ არის ავტომობილების შოვნა ტრანსპორტირებისთვის. ყველაფერი ჯერ თბილისში ხდება და შემდეგ - ჩვენთან. ამ პრობლემების გამო საწარმოო პროცესი 2 კვირით შეჩერდა“, - ამბობს სიმონიშვილი.

მისი თქმითვე, ამ ეტაპზე საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული და პანდემია მათ რაოდენობაზე არ ასახულა. “ვაპირებთ ივნისიდან მინიმუმ 10 თანამშრომელი დავიმატოთ”,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

“ნაციონალური დელიკატესის” დაფასოებული პროდუქციის შეძენა ქსელურ მარკეტებში - “კარფურში”, „ფრესკოში“, „გუდვილში“, „სმარტში“, ასევე, „ნიკორას” ზოგიერთ მაღაზიასა და და უბნის მარკეტებშია შესაძლებელი.