მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკორას“ ფილიალში COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა - „ნიკორა ტრეიდი“

5f4faf39b2407
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 18:50
2528
„ნიკორას“ ერთ-ერთ ფილიალში COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ BM.GE-ის „ნიკორა ტრეიდის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ემხვარმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულია დამლაგებელი და მცხობელი და ისინი მომხმარებელთან მინიმალურ შემხებლობაში იყვნენ.

„ინფიცირების პირველი შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივესრსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე  „ნიკორას“ სუპერმარკეტში, 31 აგვისტოს გამოვლინდა; ფილიალის 24 თანამშრომელი გავუშვით იზოლაციაში და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადავუგზავნეთ ამ თანამშრომლების პირადი მონაცემები, რაზეც მოხდა რეაგირება და ყველას ჩაუტარდა PCR ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა. სხვა თანამშრომლები თვითიზოლაციაში რჩებიან.

COVID-19 დამლაგებელსა და მცხობელს დაუდასტურდა. მათგან პირველს შეხება მომხმარებელთან არ ჰქონია, ხოლო მეორეს მინიმალური შეხება აქვს მომხმარებელთან, შესაბამისად, ეპიდემიოლოგებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ეს კონტაქტები გამოგვეკვეთა. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება ამ ინფორმაციის ამოღება, შესაბამის უწყებებთან ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა „ნიკორა ტრეიდის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა. 

გიორგი ემხვარის თქმითვე, ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ფილიალი დაიკეტა და ყველა სადეზინფექციო ღონისძიება გატარდა. 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებით ჩავატარეთ დეზინფექცია და მათივე რეკომენდაციით, ერთი დღე ფილიალი არ გაგვიხსნია. დღეს დილის 09:00 საათიდან ფილიალი შევავსეთ სხვა ჩვენი თანამშრომლებით და დავიწყეთ მუშაობა. ვადასტურებ, რომ აღნიშნული გარემო არის აბსოლუტურად უსაფრთხო და საპანიკო ჩვენს ფილიალში არაფერია“, - უთხრა BM.GE-ის „ნიკორა ტრეიდის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა. 

მისივე თქმით, 12 დღიანი იზოლაციის შემდეგ თანამშრომლებს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი სამსახურში გამოსვლას.