მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი ვალდებულება, რომელიც ანაკლიის კონსორციუმმა წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს

5da6cab6b42ad
თელარა გელანტია
16.10.19 11:44
1555
„მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე“, - ამის შესახებ საქრათველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს განცხადების თანახმადვე, მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:

- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის მიმართ საქართველოს მთავრობის მორიგი მხარდაჭერა შედეგიანი იქნება და კონსორციუმი ამჯერად შეძლებს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.


მაია ცქიტიშვილის უწყება ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრაქტიკულად ყველა ვალდებულების შესრულების ვადა 2017 წლიდან დღემდე მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა.

„ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა 2017 წლის 15 აგვისტოდან არაერთხელ, ხოლო ბოლო, მე-12 ცვლილებით 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.