მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში - რამდენიმე უბანი ვერ იხსნება

5fb8aac36ad4b
თელარა გელანტია
21.11.20 09:20
1426
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, 08:00 საათზე უამინდობის გამო, რამდენიმე უბანი - გვიან, რამდენიმე კი ვერ იხსნება, ჯერჯერობით.

“ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან უამინდობის გამო ვერტმფრენს ვერ გადაჰყავს კომისიის წევრები ადგილზე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე, ერთ-ერთი უბანი (11.29.12), სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ორი უბანი შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.