01.ოქტომბერი .2019 16:29

პრემიერი: უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას მხარს ვუჭერთ

views 327
უკან

„ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. ის ნაბიჯი, რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, კერძოდ, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირება, მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, ლარის კურსის დასტაბილურება ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის კოორდინაციით განხორციელდება. მისივე თქმით, ის ნაბიჯი, რომელიც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფინანსური ფასების სტაბილურობა, რადგან გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს სრული კოორდინაციით ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის განხორციელდება.

ის ნაბიჯი, რომელიც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ის იაფი რესურსი, რომელიც საბანკო სექტორმა შესაძლოა ეკონომიკას მიაწოდოს ეფექტურად იყოს ათვისებული“ - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს. შესაბამისი განცხადება კობა გვენეტაძემ დღეს გააკეთა. გვენეტაძის თქმით, ეს ბანკებს $700 მილიონის რესურსს გამოუთავისუფლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება.