მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაბულ ქვეყნებში ქართული თაფლის ფასი $60-ის ფარგლებში მერყეობს" - რა გამოწვევები აქვთ მეფუტკრეებს?

60af5ae094742
ინგა მურუსიძე
28.05.21 09:00
1525
მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენელი, „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელი თამარ კვარაცხელია აცხადებს, რომ არაბულ ქვეყნებში თაფლს თხევად ოქროდ მიიჩნევენ და ქართული თაფლის ღირებულება $60-ის ფარგლებში მერყეობს.

განცხადება თამარ კვარაცხელიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტზე გააკეთა და თქვა, რომ იმპორტიორები არაბული ქვეყნებიდან გაცილებით მეტს იხდიან თაფლში, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.

„ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია იყიდება არაბულ ქვეყნებში და არა ევროკავშირში. ვფიქრობთ, ევროკავშირში შესვლაზეც, მაგრამ ჩვენთვის ბევრად კომფორტულია აღმოსავლურ ქვეყნებთან ურთიერთობა. გვიფიქრია ახალი ბაზრის ათვისებაზე და ლონდონის ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ფასის მხრივ არაბული ბაზარი ბევრად მომგებიანია, რადგან იმ ქვეყნებში უფრო დიდი კულტურაა თაფლის მირთმევის, ვიდრე სხვაგან. ფასიც ბევრად მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. იქ თაფლი ითვლება თხევად ოქროდ და საექსპორტო ფასი ბევრად ძვირია. არაბეთში 60 დოლარამდეა თაფლის ღირებულება და არ მგონია, ევროპაში ასე ღირდეს“, - განაცხადა მეწარმემ.

რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, კვარაცხელია ამბობს, რომ გასულ წლებში ამ მიმართულებით პრობლემები იყო.

„წელს უკვე აღარ გვაქვს არავითარი პრეტენზია სახელმწიფო ლაბორატორიასთან, თუმცა თანხას რაც შეეხება, ეს პრობლემაა, როცა საუბარია მაგალითად სინჯების გაგზავნაზე. კომპანია გზავნიდა 174 კგ თაფლს დოჰაში და გვიწევდა სრული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, ისევე როგორც საექსპორტო დოკუმენტების მომზადება. ჩვენ გავრისკეთ და გადავიხადეთ სრული საფასური, რადგან პოტენციური მყიდველი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ყველა მეწარმე ამას ვერ იზამს. როცა საუბარია დიდ თანხებზე და თაფლის მცირე ოდენობაზე, მეწარმე დოკუმენტების მოსამზადებელ თანხასაც კი ვერ ამოიღებს მისი გაყიდვიდან. ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემა იქმნება“, - განაცხადა მან.

თამარ კვარაცხელია ფიქრობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ღვინოსთან ერთად თაფლსაც უნდა გაუწიონ პოპულარიზაცია.