მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთვის ბიზნესის გულისწყრომაზე მეტად EU-ს სტანდარტებია მნიშვნელოვანი"- მიხეილ დუნდუა აზარტული თამაშობების პროექტზე

63e0ea939bafe
გიგა ბენია
06.02.23 23:17
688
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე აზარტული თამაშობების შესახებ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით დამტკიცდა. მომზადებული დოკუმენტის განხილვას, სავარაუდოდ, ხვალიდან საპარლამენტო სესიაზე დაიწყებენ.

ცვლილების მიხედვით, ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობების განსახორციელებლად ნებართვის აღება იქნება საჭირო. კერძოდ, ონლაინ კაზინოების მოსაწყობად, კერძო სექტორმა ლიცენზია უნდა მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს ე.წ. ხმელეთის კაზინო უკვე გააჩნია, ონლაინ კაზინოს მოსაწყობად 200 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, თუმცა თუ მხოლოდ ონლაინ კაზინოს ქონა სურს, კომპანიამ 5 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.

"5 მილიონი ლარი არ არის ბევრი. მოქმედი კანონმდებლობით, თბილისში ყველალზე მაღალი სახმელეთო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარია. შესაბამისად, რაც იყო ყველაზე მაღალი ნიშნული, ის გადმოვიდა ონლაინ მიმართულებითაც",- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ მთავრობა არა ბიზნესის გულისწყრომა, არამედ ევროკავშირის სტანდარტებია მნიშვნელოვანი.

"მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს, 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია და მისი ამოქმედება აუცილებელია. მისი დარღვევა საზიანო იქნებოდა. ჩვენთვის ბიზნესის გულისწყრომაზე მნიშვნელოვანი, ევროკავშირის სტანდარტებია. აღნიშნული გადასახადები სრულიად ნორმალურია იმ მომგებიანობის მიხედვით, რაც ამ სექტორს აქვს. ჩვენი მიზანია, კანონმდებლობა დავხვეწოთ და გამართული პროცესი გვქონდეს",-აცხადებს მიხეილ დუნდუა.

პროექტის მიხედვით, ასევე იკრძალება გემზე კაზინოების მოწყობა. ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს უბრალოდ კანონში ჩანაწერი იქნება, რადგან ქვეყანაში გემზე კაზინოების მოწყობის პრაქტიკა არ არსებობს.