08.აგვისტო .2022 23:55

"გვერდზე გადადეთ უთანხმოება და შეიმუშავეთ გეგმა" - დეგნანი ევროკომიის 12 რეკომენდაციაზე

 "გვერდზე გადადეთ უთანხმოება და შეიმუშავეთ გეგმა" - დეგნანი ევროკომიის 12 რეკომენდაციაზე
views 1339
უკან

"მიიღეთ რეფორმები, რომელიც ნამდვილად წაიყვანს საქართველოს ევროპული მომავლისკენ" - ეს რჩევა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პოლიტიკურ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე საუბრისას მისცა. 

"ფორმულასთან" ინტერვიუში კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ, რადგან ევროპული მომავლისკენ გზა რეფორმებზე გადის. მან ხაზი ევროინტეგრაციის გზაზე კანონების მოდერნიზებასა და ჰარმონიზაციასაც გაუსვა. 

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კონცენტრაცია 12 რეკომენდაციაზე იყოს გადატანილი. ვხედავთ, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია, სამუშაო ჯგუფების მეშვეობით რეკომენდაციების განხორციელების საკითხზე მუშაობს. ვფიქრობ, დრო გვიჩვენებს არის თუ არა ამ პროცესის შედეგი ჭეშმარიტად ინკლუზიური, რომელიც ამ რეკომენდაციებს უპასუხებს. ეს არ არის საქართველოს კრიტიკა. ეს არის ევროსაბჭოს მიმართვა საქართველოსადმი. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ ამ სფეროებზე, რადგან თქვენ თქვენი კანონების ჰარმონიზაცია გჭირდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი კანონების მოდერნიზებაა საჭირო. რათა ევროკავშირის სტანდარტებს და წევრობის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

საქართველოს ლიდერებს უნდა ესმოდეთ, რომ ევროკავშირს სურს ნახოს საქართველო, რომელიც ერთობლივად მუშაობს იმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის და დაინახოს, რომ ამ პრიორიტეტებზე საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გაერთიანება შეუძლიათ და გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება. განზე გადადეთ განსხვავებები და გეგმა შეიმუშავეთ, მიიღეთ რეფორმები, რომელიც ნამდვილად წაიყვანს ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ. ასე, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მოდერნიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. ევროკომისია ანგარიშს, იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულა საქართველომ ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 რეკომენდაცია, 2023 წლისთვის მოამზადებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა