მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაესტროს" მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის BMG სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

60269a7fac856
თელარა გელანტია
13.02.21 09:40
2083
"მაესტროს" 26 ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა - შპს „სტუდია მაესტროს“ BMG-მ შრომითი დავა 4 წლის თავზე მოუგო, თან - სასამართლოს ყველა ინსტანციაში. საქმე იმაშია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 3 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. საქმე ეხება BMG-ს 27 თანამშრომლის სარჩელს, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" მენეჯმენტმა სამსახურიდან 2016 წლის 14 ივნისს გაუშვა. დასაქმებულებმა დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა სარჩელი უკან გაიტანა. სასამართლომ ბათილად სცნო შპს “სტუდია მაესტროს” მიერ თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის სახით ერთი წლის სრული ხელფასის, სახელფასო დავალიანების და ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0.07%-ს შეადგენს. "მაესტროს" ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს გაერთიანებული პროფკავშირების იურისტები იცავდნენ.

10 თებერვალს კი, „მაესტროს“ ყოფილმა 26-მა თანამშრომელმა სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. ადრესატებს შორის არიან:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
საქართველოს პარლამენტი,
საქართველოს კომუნიკაციების კომისია,
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,
სსიპ შემოსავლების სამსახური,
საქართველოს საქალაქო სასამართლო,
საქართველოს სააპელაციო სასამართლო,
საქართველოს უზენაესი სასამართლო,
საქართველოს სახალხო დამცველი.

„არ დაუშვათ „მაესტროს“ მიერ ფინანსური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება“ – წერია ღია მიმართვაში, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ BMG-ს ოცდაშვიდი თანამშრომელი ტელეკომპანია "მაესტროს" მენეჯმენტმა (შპს სტუდია მაესტრო) სამსახურიდან 2016 წლის 14 ივნისს გაგვიშვა. დასაქმებულებმა ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში 2016 წლის 1 ივლისს კოლექტიური სარჩელი შევიტანეთ, თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა სარჩელი უკან გაიტანა. ჩვენს ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავდა. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, ხელფასის გადახდა, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება.

ოთხწლიანი შრომითი დავა BMG-ის წევრებსა და შპს სტუდია მაესტროს შორის ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 3 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რაც "სტუდია მაესტრომ" უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრა, უზენაესმა სასამართლომ კი, გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სასამართლომ ბათილად სცნო შპს “სტუდია მაესტროს” მიერ თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის, ერთი თვის სახელფასო დავალიანების და ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0.07%-ს შეადგენს.

ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, შევძელით დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე, საქართველოს სამივე სასამართლო ინსტანციამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები, ახლა კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი და დროული აღსრულება მოვითხოვოთ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენც და შპს „სტუდია მაესტროც“ მედია სფეროში ვსაქმიანობთ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „სტუდია მაესტროს“ განზრახული აქვს ორგანიზაციის შიგნით იმგვარი ფინანსურ-სამართლებრივი პროცესები განახორციელოს, რაც ხელს შეუშლის მათ მიერ 2021 წლის 3 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას და ჩვენ მიმართ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. ეს მიზანმიმართული აქტი იქნება კომპანიის მხრიდან კიდევ ერთხელ უგულებელყოს და შეურაცხყოს ჩვენი უფლებები და წაგვართვას შანსი იმისა, რომ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამდენწლიანი დავა, რაც უდაოდ დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო თითოეული ჩვენგანისთვის.

მოგახსენებთ, რომ დავის პირობებში ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, რადგან ვაცნობიერებდით, რომ შესაძლებლობა იმისა, რომ კომპანიას პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით განეხორციელებინა გარკვეული ქმედებები, არსებობდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგლობა არ დაგვიკმაყოფილა, მათ შორის იმ არგუმენტით, რომ შპს „სტუდია მაესტრო“ მედია საშუალებას წარმოადგენდა და თავს იკავებდა მაუწყებლობის შეფერხებისგან. თუმცა, დღეს ეს რისკი რეალურია.

თითქმის ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში არცერთხელ, ვიმეორებთ არცერთხელ არ გვიგრძვნია არცერთი სახელმწიფო ორგანიზაციის დაინტერესება და მხარდაჭერა ჩვენი სასამართლო პროცესების მიმართ და იმის მიმართ, რომ პროცესების ჩანიშვნა თითოეულ ინსტანციაში ძალიან ჭიანურდებოდა, რაც პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალინ უცნაური იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე ვადებთან მიმართებით.

მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ აღნიშნული საქმით, თვალყური ადევნოთ ზემოხსენებულ პროცესებს და ყველაფერი იღონოთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ ფინანსური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება“.