მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოვიძიეთ ინვესტორი" - ანაკლიის კონსორციუმი მთავრობის პასუხის მოლოდინშია

5df791f754693
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.19 18:19
1448
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის წარდგენილი ინვესტორი დღემდე არის პროექტში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული, თუმცა მთავრობას მასთან მიმართებით პოზიცია ამ დრომდე არ აქვს დაფიქსირებული. 

"მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე. 

როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან. ამრიგად, ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორს. 

ADC იყენებს ყველა საშუალებას, რომ პროექტი წინ წავიდეს, სანამ ჩვენ ვართ მთავრობის მხარდაჭერის მოლოდინში, რაც აუცილებელია ინვესტორთან მოლაპარაკებების დასრულების და პროექტის მომავლის უზრუნველსაყოფად. გვსურს თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი დავა და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა უზრუნველყოფს მოთხოვნილ მხარდაჭერას, რათა წარმატებით გავაგრძელოთ და დასრულდეს პროექტი,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის შეგროვების ვადა ამოეწურება, მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს რა გადაწყვეტილება მიიღოს მისთვის კონტრაქტის შემდგომი გაგრძელების შესახებ. თურნავა აღნიშნავს, რომ 2017 წლის შემდგომ ანაკლიის პროექტი ინვესტორის მოთხოვნით, მუდმივი გადავადებებით მიმდინარეობდა. 

"გამომდინარე იქიდან, რომ დარჩენილია რამდენიმე დღე იქამდე, ვიდრე ინვესტორის გარკვეული დედლაინები ამოიწურება, არ მინდა ნაადრევად ვისაუბრო. დავაცადოთ, დადგეს ფორმალური დედლაინი, შემდეგ კი შევიკრიბებით სამთავრობო გუნდი იმისთვის, რათა ვნახოთ, რა გავაკეთოთ, რომ ეს აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. 2017 წლიდან ხდება ვადების გადაწევა ინვესტორის მოთხოვნით. პირვანდელი ვადით მომავალ წელს პირველი ეტაპი მწყობრში უნდა ყოფილიყო და  ღრმაწყლოვანი პორტი გვექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა; ეს არის სტრატეგიული პროექტი, თქვენ იცით რა ხდება პორტებში, თავისუფალი ადგილი არ არის იმხელა დატვირთვა მოდის პორტებზე. ძალიან წაგვეშველებოდა დროულად ანაკლიის აშენება, მაგრამ, ჯერჯერობით, ვაცადოთ ინვესტორს. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს როგორც ჰაერი, ისე სჭირდება“, - განაცხადა თურნავამ.