მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოტენციალი მეტი გვაქვს" – თურნავა უკრაინელ ინვესტორებს საქართველოში ეპატიჟება

6173da9605cc2
BM.GE
23.10.21 13:47
749
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, შავ ზღვაზე მიმოსვლის უფრო მეტად გააქტიურების შესაძლებლობები, ასევე დამატებითი საბორნე-საფიდერო მიმოსვლის აქტუალიზაცია. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში.

ნათია თურნავას თქმით, უკრაინა ტრადიციულად ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია ჩვენთვის, ნომერ მესამე პარტნიორი ტოპ ათეულში და პანდემიის პერიოდშიც კი ძალიან ბევრი უკრაინელი ტურისტი გვსტუმრობს.

მინისტრის განცხადებით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთობების გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განვითარების თვალსაზრისით.

„უკრაინულ მხარეს შევთავაზეთ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე 600-ზე მეტი ერთობლივი კომპანია არსებობს, პოტენციალი ამ მხრივ მეტი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ხაზგასასმელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების სწრაფი ტემპით ზრდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ქართული ექსპორტი უკრაინის ბაზარზე 57%-ით გაიზარდა.

„ყველა ამ საკითხზე მე და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა დეტალურად ვიმსჯელეთ და ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო ახალ საფეხურზე ძალიან სწრაფად აყვანის იმედი გვაქვს“, - დასძინა ნათია თურნავამ.