მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანტას გადაფრენა", საახალწლო ქალაქი და გალა კონცერტი - თბილისს ახალი წლის აღნიშვნა 3.5 მლნ დაუჯდება

61b1bb916c761
ანუკა ჯოხაძე
09.12.21 12:12
2863
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებში 3.5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართა. როგორც სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისის მერიას გამარტივებული შესყიდვით 2022 წლის საახალწლო ღონისძიებების განხორციელება სურს, რომელშიც მზადაა 3 556 000 ლარი გადაიხადოს.

თბილისის მერიის განმარტებით, ღონისძიების დაჩქარებული წესით შესყიდვა ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ განაპირობა. მათი ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რთული იყო ღონისძიების დაგეგმვა წინასწარ, რადგან არ იყო ცნობილი დღესასწაულებზე რა რეგულაციები იმოქმედებდა.

მოთხოვნის დასაბუთებაში წერია, რომ 2022 წლის შესახვედრად ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებები წინა წლებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. მერიის ცნობით, ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან - 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება, სადაც “საახალწლო ქალაქი” მოწყობა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქალაქში მოეწყობა საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, ვორქშოფები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფომანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები.

ამასთან, ლოკაციებზე განთავსდება საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები, ისეთები როგორებიცაა დეკორირებული ნაძვის ხე, მოცულობითი ვარსკვლავები, ელფები თაღით და გირლანდით, მოცულობითი მანათობელი ანბანი, თოვლის ბაბუას სახლი, წიგნის მოცულობითი ინსტალაცია, ღია კინოთეატრი, ინსტალაცია "სანტას გადაფრენა", სინთეტიკური ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და სხვა.

რაც შეეხება, 31 დეკემბერს, დეკორაციით დატვირთულ სცენაზე თბილისის მერია გალა კონცერტის გამართვას გეგმავს. კონცერტში ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე.

თბილისის მერიის განმარტებით, ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება და ადგილზე არ იმოქმედებს განსაკუთრებული შეზღუდვები.