14.იანვარი .2020 15:53

"საქართველოში, პირველად, აშშ-დან 30 000 ტონამდე ხორბლის კომერციული პარტია შემოვიდა" - ასოციაცია

views 711
უკან

2019 წლის დეკემბერში საქართველოში საზღვაო გზით 30 000 ტონამდე ამერიკული წარმოშობის მაღალხარისხიანი ხორბალი შემოვიდა, - ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (როგორც ცნობილია 2000 წლის დასასრულს, საქართველომ მიიღო ამერიკული ხორბალი, თუმცა ის იყო ამერიკის მთავრობის დახმარება საქართველოსადმი).

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 30 000 ტონა ხორბალი მიღებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ. როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე.

ამჟამად საქართველოს წისქვილ-კომბინატების მიერ მიმდინარეობს ამერიკული ხორბლის პირველი პარტიის გადამუშავება და გამოშვებულმა ფქვილის ხარისხმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოსა და აშშ-ის მხრიდან ჩართულ ყველა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებს გვერდში დგომისა და დახმარებისათვის.

დღეის მდგომარეობით, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე, რისი წარმატებით დასრულების მოლოდინი გვაქვს.

გვჯერა, ხორბლის პირველი პარტია წარმატებული ნაბიჯი იქნება საქართველო-აშშ-ს აქტიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და ხორბლის იმპორტის კუთხით, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა