მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირში" შრომის პირობები გაუმჯობესდა, მეშახტის ხელფასი 50%-ით გაიზარდა - თურნავა

613223202ecb1
BM.GE
03.09.21 17:35
845
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია "საქნახშირში" ახალი მენეჯმენტის შესვლის შემდეგ, შრომის პირობები გაუმჯობესდა, მეშახტეთა საშუალო ხელფასები კი 50% და მეტი პროცენტით გაიზარდა. 

2019 წლის სექტემბრიდან, საქნახშირის მფლობელია კომპანია "სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანი", რომელმაც სახელმწიფოს წინაშე კომპანიაში შრომის პირობების გაუმჯობესების ვალდებულება აიღო. 

"საქნახშირში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები. უბედური შემთხვევების რისკი არის მინიმუმამდე დაყვანილი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას. მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა. დღეს „საქნახშირი“, სადაც დასაქმებულია 1300-მდე ადამიანი, საკმაოდ დიდი დამსაქმებელი საწარმოა. ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ტყიბულში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მეშახტეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის, მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, კურორტ “ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების, ტყიბულში სამედიცინო ცენტრის აშენებისა და სხვა საკითხების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა მეშახტეებთან შეხვედრაზე დასმულ კიდევ ერთ  საკითხზე. მისი თქმით, მეშახტეებმა დაყენეს საპენსიო ასაკის დაწევის საკითხი. "არსებობს პრეცედენტი მთელს მსოფლიოში, როდესაც საქმე შეეხება მაღაროელს და მეშახტეს. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

"საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე