მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროს გაფართოებას ვგეგმავთ“ – რა ღირს „ოდოს მარანში“ დასვენება?

645e30bb6d7e5
ნანუკა ნარიმანიძე
13.05.23 15:19
961
მარტვილის რაიონში, სოფელ გაჭედილში მდებარე „ოდოს მარანი“ რესტორნის, სასტუმროსა და მარნის გაფართოებაზე მუშაობს, - ამის შესახებ მარნის მეპატრონემ ნათია წულაიამ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ტურისტებისგანაც დიდი დაინტერესება მოდის, შესაბამისად, საჭირო ფინანსების მოძიების შემდეგ, აუცილებლად გავფართოვდებით და დავამატებთ სასტუმროს ნომრებს, გარდა ამისა, გვსურს ჩვენი ღვინის ექსპორტზე გატანაც, ამჯერად, ჩვენი წარმოებული ღვინო სეზონის ბოლომდეც არ გვყოფნის ხოლმე, რადგან დაინტერესება ძალიან დიდია. სამომავლოდ, გვინდა გავაფართოოთ მარანი და ჩვენი ღვინო საზღვრებს გარეთაც გავიტანოთ, აქცენტს ბიო ღვინოებზე გავაკეთებთ“, - ამბობს ის.

„ოდო მარანი“ ყურძენს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ადგილობრივი მევენახეებისგან იძენს.

„ძალიან ბევრი ტურისტი გვსტუმრობს სეზონზე და ღვინის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესებაა, ჩვენი ვენახები არ გვაქვს, ყურძენს სხვადასხვა რეგიონებიდან ვყიდულობთ და ღვინოს ჩვენს მარანში ვაყენებთ, ძირითადად 5 სახის ღვინო გვაქვს“, - დასძინა დამფუძნებელმა.

ნათია წულაია 2022 წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ გასული წელი ძალიან ნაყოფიერი იყო.

„2022 წელს დიდი ტურისტული ნაკადი იყო და ჩვენი ბიზნესისთვის წელმა კარგად ჩაიარა, მიმდინარე წელსაც დიდი მოლოდინები გვაქვს და აქტიურად ვემზადებით სეზონისთვის“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, „ოდოს მარანი“ 2021 წელს დაარსდა „აწარმოე საქართველოს“ 30 000 ლარიანი გრანტითა და დამფუძნებლის საკუთარი ხარჯებით. საოჯახო სასტუმროს ნომრის ფასი რამეში 40-60$-მდე მერყეობს, მარანში ამჟამად 4 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, სეზონზე ეს რიცხვი 10-მდე იზრდება.