მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესაფასებელია, რამდენად სამართლიან ფასად ყიდის სახელმწიფო ქონებას“ - ლაშა პაპაშვილი

606308378f4c1
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 15:32
1155
ბიზნესმენი და კომპანია "რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი პროგრამის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" გაფართოებას ეხმაურება და ამბობს, რომ ზოგადად, "სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის საქმე წლების წინ უნდა დაწყებულიყო".

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ბიზნესმენმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ "რადგან ყინული დაიძრა, პროცესი სწორად უნდა წარიმართოს".

„ყველა ამგვარი პროექტი წლების წინ გასაკეთებელი საქმეა. მნიშვნელოვანია, განსახელმწიფოებრიობა იმ ობიექტების, რომელსაც არც ერთი წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში, პრაქტიკულად, სახელმწიფო არ მართავს; რადგან დაიძრა ეს ყინული, აუცილებელია, რომ კურსი არ შეიცვალოს და გაიყიდოს ყველა ის ქონება, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის არ არის“, - განაცხადა პაპაშვილმა.

ის ამბობს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ფასები ბიზნესისა და ინვესტორებისთვის მისაღები იყოს, რადგან მთავარი ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაა.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებზეც უნდა დათანხმდეს: „პირველ რიგში, ზუსტადაა შესაფასებელი რამდენად სამართლიანი ფასით გამოაქვს სახელმწიფოს აღნიშნული ქონება და რამდენად აწევადია ბიზნესისთვის ეს, თუ არადა სახელმწიფო მოქნილი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მოვიდეს საბაზრო ფასებთან. ამის ატრიბუტიკა არსებობს".

ჟურნალისტის რეპლიკას - "მაგალითად, რატომ ვერ გავყიდეთ ე.წ. რიყის დოქები", ლაშა პაპაშვილი ასე პასუხობს: „ალბათ არ იყო შესაბამისი ფასი. ზუსტად არ ვიცი რიყის დოქების ამბავი, მაგრამ ძალიან ადვილია, არის უმსხვილესი საშემფასებლო კომპანიები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკაში მონაწილეობენ - „კუშმანი“, „კოლიერსი“ თუ სხვა დიდი სპექტრია ამ კომპანიების, და მათ აუდიტორებთან ერთად უნდა იმუშაოს სახელმწიფომ და ინვესტორს უნდა ვუსმინოთ. მთავარი განვითარებად ეკონომიკაში არის ის, რომ დასაქმდეს ადამიანი. ის, ვინც ასაქმებს ადამიანს და მეტ სამუშო ადგილს შექმნის, ასეთი მაგალითების დროს სახელმწიფომ შეიძლება რაღაცაზე უკან დაიხიოს და დღევანდელ შემოსავალზე უარი თქვას“.