მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვს რძის პროდუქტების მწარმოებლებს – პანდემიის გავლენა „წინწყარო +“-ზე

5f1976a76f76a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.20 22:00
1706
ეპიდემიის გავრცელების პირველ ორ თვეში გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ის ნედლი რძისგან ყველის მწარმოებელი კომპანია „წინწყაროს“ დირექტორმა ზეინაბ აბულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნის შესაბამისად წარმადობაც გაორმაგებული იყო.

„რძის პროდუქტები პირველადი მოხმარების პროდუქტებში შედის, რაზეც პანდემიის დროს მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილი იყო, შესაბამისად სრული დატვირთვით ვმუშაობდით. იმ პერიოდში ჩვენი წარმადობა დღეში 5-6 ტონა ნედლი რძის გადამუშავებაზე ავიდა“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, მაისსა და ივნისში ეს მაჩვენებელი წველის სეზონურობიდან გამომდინარე შემცირდა, თუმცა ივლისში კვლავ მატების ტენდენციით ხასიათდება.

„რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, ჭარბი ლაქტაციის პერიოდში მატულობს ფერმერების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია. შესაბამისად აპრილი, მაისი, ივნისში ჩვენ გვიწევს კონკურენციის გაწევა კერძო ფერმერებთან და ამიტომ გაყიდვები კლებულობს. ახლა როდესაც მოიკლო რძის წველამ გაყიდვებიც იზრდება“, - აღნიშნა ზეინაბ აბულაძემ.

კომპანია „წინწყარო +“-ის დირექტორი სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ უმთავრეს გამოწვევას ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტი წარმოადგენს.

„სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის მხრიდან ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა, რაც ხელს უწყობს ნედლი რძის მწარმოებელ კომპანიებს. თუმცა, ნედლი რძის მოცულობა არ არის საკმარისი ბაზარზე, იმისთვის რომ მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

ამასთან, ჩვენი უმთავრესი კონკურენტი რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქციაა. საქართველოში საშუალო ეკონომიკური დონეა და მომხმარებელი უფრო იაფი პროდუქტის შეძენას ცდილობს. ამ დროს ნედლი რძით დამზადებული და რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქციის ღირებულებაში არც ისე დიდია სხვაობა. რა თქმა უნდა, ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტების თვითღირებულება უფრო მაღალია, მაგრამ ეს უფრო ჯანსაღი პროდუქტია.

შეიმჩნევა ისიც, რომ მომხმარებელში იზრდება ჯანსაღი პროდუქტის შეძენის კულტურა, თუმცა ეს მომხმარებლის ჯიბეზეც არის დამოკიდებული“, - განმარტავს ზეინაბ აბულაძე.

მისი თქმით, კომპანიებს კონკურენციის გაწევა კუსტარულ წარმოებებთანაც უწევთ.

„სახელმწიფო გვერდში გვიდგას, თუმცა გვიწევს კუსტარულ საწარმოებში დამზადებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა, რისი რეგულირებაც ვერ ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოწვევები მალე მოგვარდება“, - დასძინა „წინწყარო +“-ის დირექტორმა.