მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კომპონენტებისგან შედგება პროდუქტის გასაყიდი ფასი? - განმარტებები

63e6173b9b9cc
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.23 14:48
1371
საქართველოს მთავრობის 6 თებერვლის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავის - პროდუქტზე გაზრდილი ფასები შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ მისი დავალებით პროდუქტებზე არსებული ფასნამატი შეისწავლა და პირველადი შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მთავრობის მეთაურმა ამისთვის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს 2 კვირის განმავლობაში საკითხის მოკვლევა და რეკომენდაციების წარდგენა დაავალა, რათა პროდუქტის ფასები გონივრული პროცენტებისა და მარჟების ფასებში დარეგულირდეს.

მომხმარებლის მხრიდან მაღალი ფასნამატით პროდუქტის შეძენა დისტრიბუტორთა ასოციაციამ და რითეილ ასოციაციამ BM.GE-სთან გაკეთებულ განცხადებებში დაადასტურეს. ერთი მხრივ, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ამის მიზეზად სურსათზე რიტეილ სექტორში მაღალ გადასახადებს და დარგისთვის გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს ასახელებდნენ. რითეილ ასოციაციაში კი განმარტავდნენ, რომ ქსელურ მარკეტებამდე პროდუქტი უკვე გაზრდილი ფასით მიდის და მათი ხარჯები დისტრიბუტორთა ასოციაციისას აღემატებოდა.

კვირის ბოლოსთვის დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ და რიტეილ სექტორის ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ BMGtv-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ დახლზე არსებული პროდუქტების ფასწარმოქმნაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ფასნამატზე აქცენტების გაკეთება არასწორია, რადგან ფასნამატი მოიცავს იმ საოპერაციო ხარჯებს, რომელიც იმპორტიორსა თუ საცალო მარკეტებს აქვთ. მათი განმარტებით, ბიზნესის მოგების მარჟები კი მაღალი არ არის და ფასნამატში მათ მცირე წილი უკავიათ. 

„როდესაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, მისთვის არასწორად და არასრულყოფილად მიწოდებული ინფორმაცია, მეორე დღიდან მომიწია იმ განმარტების გაკეთება - რისგან შედგება ის ფასნამატი, რომელიც პროდუქტზე კეთდება. ფასნამატის გაკეთების შემდეგ შენ გაქვს ძალიან ბევრი ხარჯი. იმაზე აპელირება, თუ რატომ არის ასეთი ფასნამატი, არასწორია.

კონკურენციის სააგენტოს შესასწავლია რამდენად დიდია ბაზარზე კონკურენცია. ვწუხვარ, რომ მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მომხმარებელს დღეს აქვს საშუალება შეიძინოს 5-ლარიანი ზეთიც და იგივე მზესუმზირის 8-ლარიანი ზეთი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენცია არის და არსებობს როგორც 70%-იანი ფასნამატი, ასევე 20%-იანი ფასნამატიც. ჩვენ თუ ამას ჩავკეტავთ, მხოლოდ იაფიანი პროდუქტები დარჩება ბაზარზე, მათ შორის ზეთიც.

ფასნამატში კი არ არის საქმე, არამედ კომპანიების მომგებიანობაში - რა რჩება კომპანიას იმ ხარჯების პირობებში, რომელიც ბოლო პერიოდში იზრდება“, - განმარტა ივა ჭყონიამ.

რიტეილ სექტორის ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ კი ის ფორმულები განმარტა, თუ როგორ იღებს საცალო სავაჭრო ობიექტი პროდუქტს და როგორც დგება მასზე ფასი

„როდესაც მომწოდებელი მაღაზიას აწვდის პროდუქციას, ის მაღაზიისთვის თვითღირებულებით შემოდის. მომწოდებლის და გადამყიდველის (რიტეილერის) მოლაპარაკებისას არსებობს მარჟის წინა და უკანა მხარე. ფასწარმოქმნაში ღირებულია ორი ფაქტორი, ერთი ფასწარმოქმნა არის თვითღირებულებიდან და ხარჯთან არის დაკავშირებული და მეორე ფასწარმოქმნა საბაზრო ფაქტორის გათვალისწინებითაა, სადაც კონკურენციას ითვალისწინებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქცია ვერ გაიყიდება. „წინა მარჟა“ განპირობებულია კონკურენციისგან, შესაბამისად, მე ფქვილს ვერ გავყიდი მაგალითად 500 ლარად, როდესაც სხვა ქსელური მაღაზია 400-300 ლარად ყიდის, აქედან გამომდინარე, მაღალი კონკურენცია უკვე სიჯანსაღეს აძლევს ბაზარს, რადგან ბაზარი კონტროლდება უხილავი ძალით და არა რეგულაციით და ა.შ.

უკანა მარჟა კომერციული მოლაპარაკების ნაწილია. ქეშბექი ე.წ. საკომისიო გადასახადია, რომელიც ფასდათმობას ნიშნავს, რეტრო ბონუსი კი იმას ნიშნავს, რომ მე შენ ბევრს გაგიყიდი და შენ რომ სარგებელს ნახავ, იქიდან მეც უნდა მქონდეს სარგებელი. ამ მექანიზმებით ხდება არა ფასზე უშუალოდ გავლენა, არამედ ხარჯის ნაწილში უტრირება ისე, რომ მოხდეს ისეთი ფასის მიღება, რომ საცალო მოვაჭრემ სარგებელიც ნახოს.

რას ნიშნავს ფასნამატი ფორმულის მიხედვით - გასაყიდ ფასს გამოკლებული ღირებულება, გაყოფილი ღირებულებაზე და გამრავლებული 100-ზე, თუ რაღაც ღირს 125 ლარი და მისი თვითღირებულება 100 ლარია, 125-ს გამოვაკლოთ 100 და გავყოთ 100-ზე გვაძლევს 25%-იან ფასნამატს თვითღირებულებასთან მიმართებით. რას ფარავს წინა და უკანა მარჟა საცალო მოვაჭრისთვის - მაღაზიის საოპერაციო ხარჯი ძალიან მაღალია - იჯარა, კომუნალურები, რეგულაციები, ხელფასები და ა.შ.

ერთია ფასნამატი, მეორეა - მარჟა, ანუ გასაყიდ ფასს გამოკლებული თვითღირებულება გაყოფილი გასაყიდ ფასზე და გამრავლებული 100-ზე. ამ შემთხვევაში უფრო დაბალ პროცენტს ვიღებთ“, - განმარტავს მანჯგალაძე.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ მაგალითისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტზე არსებული ფასნამატში მარკეტების ბონუსის და დისტრიბუტორთა მოგების გრაფიკები წარმოადგინა. რომლის მიხედვით, ბრინჯზე 2022 წელს ფასნამატი თუ 19.54% იყო, ამ დროს მარჟა 16.3%. ამ ფასნამატში მარკეტების ბონუსი 15%-ს, ხოლო დისტრიბუტორთა მოგება (ხარჯის გარეშე) 1.34%-ს შეადგენდა.





რაც შეეხება პრემიუმ ბრენდის პროდუქტებს, რომელიც შეფუთული და ბრენდირებულია, წიწიბურის შემთხვევაში ფასნამატი 75.8%, მარჟა კი 43.1%-ია. აქედან მარკეტების ბონუსი 21%, ხოლო დისტრიბუტორთა მოგება (ხარჯის გარეშე) 22.1%-ია.




ბიზნესის წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის რეგულირებას არასწორად მიიჩნევენ და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დარგში „კონკურენცია მაღალია და დარეგულირება არ სჭირდება“.