მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გადახედავს სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების ბრძანებას?

5dde8781a496d
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.19 19:00
2803
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ახალი ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო მზადაა, გადახედოს ახალ ტარიფებს, თუ კლინიკები მათ შესაბამის არგუმენტებს წარუდგენენ. 

"თუ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ, ალტერნატიულ საფუძველს, რომელიც იქნება საკმარისად მყარი, იმისთვის რათა შეიცვალოს საწყისი გათვლა, ამ შემთხვევაში აქ არავის არ აქვს იმის მიზანი, რომ რომელიღაც ობიექტურ მოცემულობას დაუპირისპირდეს. ამ შემთხვევაში, მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ტარიფი შეიცვალოს", - განაცხადა გაბუნიამ. 

დღესვე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტარიფების დადგენამდე კლინიკებისგან გამოითხოვა სრული ხარჯთაღრიცხვა იმ პროცედურების თვითღირებულებათა შესახებ, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აფინანსებს.

"ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა თავის დროზე კონკრეტული ტარიფების დადგენაზე საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამინისტროს ფინანსების ჯგუფი აღნიშნულზე მუშაობდა. საფუძველი ამ ცვლილების იყო კლიენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი ხარჯების შესახებ. ამ შემთხვევაში ივნისის თვიდან დაიწყო კომუნიკაცია მიმწოდებელ კლინიკებთან, იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო ობიექტური და ზუსტი სურათი ფინანსური დანახარჯების თაობაზე, რომელიც კლინიკებს აქვთ ამ კონკრეტული მიმართულებით. ეს მონაცემები შეიკრიბა, დამუშავდა, გაანალიზდა და გამოყვანილ იქნა ახალი მაჩვენებლები, რომლებიც სრულად ეფუძნება ამ მაჩვენებლებს. ის სახარჯი მასალები, სამედიცინო პერსონალი თუ დანარჩენი მოწყობილობა, რომელიც სჭირდება ამა თუ იმ ინტერვენციის განხორციელებას, იქ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩამონათვალში. 

ახალი ტარიფის ფასი არ იყო მარტივი საშუალო და გასაშუალოებული სხვადასხვა ფასების, გამომდინარე იმ არაერთგვაროვანი პირობებისა, რომელიც არის სხვადასხვა კლინიკებში. ერთ ინტერვენციაზე ერთ კლინიკაში ფასი - არის 17,000-19,000 ლარის ფარგლებში, მეორეში კი - 34,000 ლარის ფარგლებში. ეს უთანაბრობა, რომელიც საკმაოდ ძნელი ასახსნელია ტექნიკური განმარტებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაანალიზდა და გამოყვანილი იქნა შეწონილი საშუალო, რომელიც ასახავს ყველაზე ხშირად განმეორებად ფასს. სწორედ ეს აისახა ტარიფში. ყველაფერი ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სათანადო და ობიექტური მონაცემები და დოკუმენტირებულია ეს ყველაფერი. 

იყო დიდი მღელვარება და ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული დეფიბრილატორი ღირდა ძალიან მაღალი ფასი და ეს ფასი არ არის გათვალისწინებული იმ ტარიფში, რომელიც ამ კონკრეტული ინტერვენციისთვის 13,500 ლარად განისაზღვრა, მათ შორის დეფიბრილატორის ფასისთვის იყო გათვალისწინებული 9,000 ლარი, რომელიც ასევე ჩვენ მიერ ჩაიდო ტარიფში. 

თუ არსებობს სხვა საფუძველი, რის გამოც ეს მათთვის მიუღებელია, გარდა იმისა, რაც გაჟღერდა ტელევიზიით და რაც გაშუქდა, მაშინ თქვან", - ამბობს თამარ გაბუნია.

27 ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კლინიკების პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ არ გადახედა 5 ნოემბრის #520 დადგენილებას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები თანაბარი ხდება. 

საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროგრამაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს. მისი ბიუჯეტი მთლიან შსს-ზე მეტია. ამასთან, თითქმის ყოველწლიურად ის გადახარჯვით მიმდინარეობს. წელსაც პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტი მაღალი ალბათობით ვადაზე ადრე ამოიწურება და მისთვის თანხის დამატება იქნება საჭირო. ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც მთავრობა ამ ცვლილებით ელოდება, სწორედ ხარჯების ოპტიმიზაციაა. 

თუმცა, ცვლილების მიღებას კერძო კლინიკები ეწინააღმდეგებოდნენ. 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. 

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.