27.იანვარი .2020 20:00

რამდენად შეუმცირდა "ტექნო ბუმს" გაყიდვები? - ანზორ ქოქოლაძე 2019 წელს აფასებს

views 737
უკან

„რა სახის დარეგულირებაზეა საუბარი, კონკრეტული კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით არ მიახავს“, - ასე უპასუხა  საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან საბანკო რეგულაციბის შემსუბუქების დაანონსებას ეხებოდა.

ანზორ ქოქოლაძე მიიჩნევს, რომ შემსუბუქება დადებითად აისახება კომპანიაზე, თუმცა წინასწარ ვერ შეაფასებს, რადგან არ იცის რა სახის შემსუბუქებაზეა საუბარი.

„საბანკო რეგულაციების შემსუბუქება გაყიდვებზე დადებითად აისახება, მაგრამ მე ჯერ ეს იდეებისა და ინტერვიუების დონეზე ვიცი და რა სახის დარეგულირებაზეა საუბარი, კონკრეტული კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით არ მინახავს, ამიტომ ჯერ ვერ შევაფასებ“, - ამბობს ქოქოლაძე.

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი გასულ წელსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ პირველ ნახევარში გაყიდვები 50%-ით, მეორე ნახევარში კი, 25%-ით შემცირდა.

„2019 წლის დასაწყისში ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა და კურსის დევალვაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გაყიდვებზე. პირველ ნახევარში  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ვარდნა  გვქონდა - დაახლოებით, 50%-ით შემცირდა გაყიდვები. მეორე ნახევარში სიტუაცია ეტაპობრივად გამოსწორდა ან ბაზარი შეეგუა ან ეკონომიკური ზრდა იყო ფაქტორი; ასევე, ჩვენი წილის გაუმჯობესებასაც ვვარაუდობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რევოლუციური გაუმჯობესება იყო. მეორე ნახევარში საშუალოდ ვარდნა გვქონდა 25%-იანი.

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ მომხმარებლისთვის საინტერესო წინადადებები შევთავაზოთ, მომწოდებლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. კურსის გაუფასურების მიუხედავად, შევძელით და შევინრჩუნეთ პროდუქციაზე ფასები და შევძელით კიდევ უფრო დაბალი ფასები შეგვეთავაზებინა; ვფიქრობთ, რომ ეს გამოგვივიდა“, - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

ამასთან, „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი კომპანიაში ახალი მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

"ვცდილობთ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურებას და ასევე სომხეთ-ზერბაიჯანის მიმართულებით ვცდილობთ გავზარდოთ გაყიდვები.  ამ მიმართულებით გაყიდვები 2019 წლის ბოლოს დავიწყეთ და ჩვენს გაყიდვებში ამას მნიშვნელოვანი წილი ჯერ არ უკავია. წელს ეს მიმართულება უფრო გააქტიურდება. ჩვენი გაყიდვების რა წილს დაიჭერს ეს ბაზარი, ჯერ არაა გამოკვეთილი, ამაზე ინფორმაცია, დაახლოებით, 2020 წლის ბოლოს გვექნება. იმიტომ რომ ბაზარზე შეღწევა მარტივი არაა და რიგი საკითხების გადაჭრასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა