მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გააკეთებდა გიორგი პერტაია FDI-ის მოსაზიდად დღეს?

6001f34574004
თელარა გელანტია
16.01.21 15:47
1099
„ისეთი დროა, რომ ინვესტორი მართლა რთული მოსაზიდი ხდება“, - ასე უპასუხა საინვესტიციო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ Bm.ge-ის კითხვას - დღეს რომ მას ებაროს ქვეყანაში FDI-ის მოზიდვა, რომელ სექტორებზე და ბაზრებზე გააკეთებდა აქცენტს.

„2021 წელი საკმაოდ რთული იქნება ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, მთელ მსოფლიოში ასეა; ინვესტორები არ არიან დარწმუნებულები, რომ კარგი დროა ინვესტირებისთვის და მათი სიფრთხილე გასაგებია. ამ ფონზე, განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ, ტრადიციული თუ არატრადიციული ხერხებით ინვესტიციების მოზიდვას, მაგრამ მომავალი იმდენად გაურკვეველია, რომ გადაწყვეტილებების მიღება რთულია“, - ამბობს გიორგი პერტაია და 3 საკითხს გამოყოფს, რასაც თავად მიაქცევდა ყურადღებას.

„პირველი - ვფიქრობ, მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ქართველ და ქვეყანაში უკვე შემოსულ უცხოელ ინვესტორებზე; ყველას ჰყავს საზღვარგარეთ უცხოელი პარტნიორი, რომელიც საქართველოში ნამყოფია, იცნობს ჩვენს ბიზნეს გარემოს და ა.შ. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მათ დაარწმუნონ პარტნიორები, გაზარდონ ინვესტიციების მოცულობა საქართველოში - ეს იქნება მარტივი გზა.

მეორე - ასევე, ყურადღებას მივაქცევდი BPO-ს; ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებაზე ბევრი წელია ვსაუბრობ და მიხარია, რომ გარკვეული შედეგები უკვე აქვს საქართველოს. ამის ნათელი მაგალითია კომპანია „Arvato“ (ამჟამად „მეიჯერელ საქართველო“), რომელიც უკვე 3000 ადამიანს ასაქმებს საქართველოში, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია“, - განაცხადა პერტაიამ და დასძინა, რომ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში ფულის მოზიდვა არის "იდეალური ინვესტიცია", რადგან ის არა მხოლოდ ასაქმებს ადამიანებს, არამედ შემოაქვს ცოდნა და არის მომსახურების ექსპორტი.

„ბევრი რესურსი უნდა დაიხარჯოს მოქალაქეების გადამზადებაზე. ბევრ კომპანიას აქვს სურვილი შემოვიდეს, მაგრამ მათი მთავარი კითხვა ხშირად სამუშაო ძალის კვალიფიკაციას და უნარებს შეეხება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მესამე რეკომენდაციას, რომელიც bm.ge-ისთან ინტერვიუში გიორგი პერტაიამ გააჟღერა და ის არაა პირველი ვინც ამას ამბობს, შეეხება რეგულაციების გადავადებას. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესს ძალიან კარგად ესმის და იაზრებს ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, მაგრამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, თუ არის გარკვეული ფანჯარა იმისთვის, რომ რეგულაციები, რომელიც წელს ან 2022-ში უნდა შევიდეს ძალაში, ეს უნდა გამოვიყენოთ და გადავავადოთ.

„შეგვიძლია, ეს როგორც ბიზნესიდან წამოსული იდეა მივაწოდოთ მთავრობას, რომ თუ რესურსი არსებობს, 1-2 წლით გადავადდეს რეგულაციები, რომელიც გაწერილია და ნაწილი - წელს, ნაწილი კი 2022 წელს უნდა ამოქმედდეს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბაზრებს, საიდანაც საქართველოს FDI-ის მოზიდვის რესურსი აქვს, საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი დირექტორი გალფის ქვეყნებს გამოყოფს. „ვფიქრობ, გალფის ქვეყნების პოტენციალი ბოლომდე არაა გამოყენებული და ამ ბაზრებზე გააქტიურებაა საჭირო“, - ამბობს გიორგი პერტაია.