მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აქტიურობს მთავრობა მოქალაქეთა დასაქმების საკითხზე? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი

6282235a5d8e9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.22 23:45
1114
დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობა საერთოდ რატომ არის ასეთი აქტივობით დაკავებული? – ეს კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე გამოსვლისას დაუსვა.

დეპუტატი განმარტავს, რომ დასაქმების საკითხით არა მთავრობა, არამედ ბიზნესი უნდა ინტერესდებოდეს, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი იქმნება.

"დასაქმება არ უნდა იყოს მიზანი, არამედ მიზანი უნდა იყოს ისეთი დასაქმება, როდესაც მართლა რაღაც დოვლათი იქმნება, ამ კუთხით მთავრობა ამის წყარო ვერ იქნება, ბიზნესში უნდა დასაქმდეს ადამიანი. თქვენ თუ ხალხის დასაქმება გინდათ, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რატომ არ ჩნდება სამუშაო ადგილები ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის პრობლემა და აქტივობა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. ისე რამდენ ადამიანსაც გვინდა, იმდენს დავასაქმებთ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ მოგვარდება“, - მიმართა ალექსანდრე რაქვიაშვილმა მინისტრის მოადგილეს.

თამარ ბარკალაიამ დეპუტატის კითხვის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხი ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„ის პრობლემა, რაც დღეს გვაქვს - არსებული ვაკანსიები, ვაკანსიების შეუსაბამო უნარები და მაღალი უმუშევრობა ზუსტად იმიტომ გვაქვს, რომ აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა გააზრებულად წახალისებული არ იყო. შესაბამისად დამსაქმებელს ერთი მხრივ უჭირს კვალიფიციური სამუშაო ძალის პოვნა, მაშინ როდესაც საქართველოში ბევრი სამუშაოს მაძიებელი ადამიანია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკა ანალოგიურია, სადაც ისინი დამსაქმებელთან თანამშრომლობით, მოწყვლად ჯგუფებს იმ უნარების შეძენაში ეხმარებიან, რომელიც დამსაქმებელს სჭირდება. ამიტომ ერთი მხრივ ვაგრძელებთ სამუშაო ადგილების შექმნას, მეორე მხრივ კი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დასაქმებისთვის მხარდაჭერა სჭირდებათ“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ ალექსანდრე რაქვიაშვილის საპასუხოდ.