მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ მოესწრო რიგ სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება? - მგფ-ის განმარტება

6310cfdddf9cc
თათია ჩაფიჩაძე
03.09.22 21:00
796
ქვეყანაში მოქმედი საჯარო სკოლების ნაწილში სწავლა 15 სექტემბერს ვერ განახლდება. მიზეზი დაუსრულებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით ტაბიძის განცხადებით, მათი მიმდინარე პროექტებიდან, სამუშაოები დადგენილ ვადაში 13 სკოლაში ვერ დასრულდა.

საუბარია 2019 წელს დაწყებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 163 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, მათგან დღეის მდგომარეობით, შესაბამისი სამუშაოები 106 სკოლაშია დასრულებული, მიმდინარე წლის ბოლომდე კი დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის დასრულება. დარჩენილი 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით 2023 წელს არის გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ შვიდ სკოლას, შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიებიდან 5-ს საჯარიმო სანქციები დაუწესდა, ორს კი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტი გაუწყდა.

ახალი კონტრაქტორი კომპანია უნდა მოიძებნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის ხელშეკრულების შესასრულებლად. ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბუკისციხის, ზომლეთის და სამების სკოლებში კი ფონდი გააგრძელებს მონიტორინგს და არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება კიდევ ერთ სკოლას, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდიში, დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების გამო პროექტში აუცილებელი ცვლილების ასახვის შემდეგ, ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა დავით ტაბიძემ მედიასთან ამ სკოლებთან მიმართებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ნორიოს სკოლის შემთხვევაში ვადებში ვერ ჩატევის მიზეზი კომპანიის მხრიდან სამუშაოების გაგრძელებაზე უარის თქმა გახდა. ახალი ტენდერი აღნიშნული სკოლისთვის უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. სამუშაოების დასრულებას კი სავარაუდოდ 4-თვიანი პერიოდი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი ამ სკოლაში 2023 წლის ზამთრის სემესტრიდან განახლდება.

„კონკრეტულად ნორიოში სამუშაოების 65% შესრულებულია, უბრალოდ არის არაკეთილსინდისიერი მშენებელი, ან კეთილსინდისიერი რომელსაც პრობლემა ექმნება და ვერ ასრულებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვხვდა მშენებელი, რომელმაც უბრალოდ სამუშაოები შეაჩერა.

ჩვენ შემდეგი კვირის ბოლომდე გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს, ეს მოითხოვს ვადას, ეს არ გვინდოდა და ამისთვის ვმუშაობდით, თუმცა სხვანაირად არ გამოვიდა. ჩვენი ვარაუდით, ტენდერის დადებითად ჩატარების შემთხვევაში, შემდეგი წლის პირველ სემესტრში ბავშვებს შევუშვებთ სკოლაში.“ - განაცხადა ტაბიძემ.

კიდევ ერთი სკოლა, სადაც სამუშაოების დაუსრულებლობის გამო 15 სექტემბერს სწავლა არ განახლდება ქარელში, ახალსოფლის სკოლაა, სადაც მიმდინარე სამუშაოები მინიმუმ 2 თვით გაგრძელდება მაშინ, როცა სამუშაოების ჩაბარების ვადა სექტემბრის დასაწყისი იყო. რატომ ვერ მოხერხდა დროში ჩატევა და ვისი ბრალეულობა იკვეთება იმაში, რომ მოსწავლეები სასწავლო წელს სრულყოფილ სივრცეში ვერ იწყებენ?- ამ კითხვაზე ტაბიძე პასუხობს, რომ ხშირად სამუშაოები იმაზე რთული და გაუთვალისწინებელია, ვიდრე თავში იყო დაგეგმილი, რაც პროცესებს დროში აჭიანურებს.

„სამწუხაროდ არის ამორტიზებული შენობები, რომლის სრული რეაბილიტაცია გაცილებით რთულია, ვიდრე ახლის აშენება. როცა ნალესი ჩამოიხსნა, პირველი, რაც ძირითადად სკოლებში დაგვხვდა, იყო სახურავის კონსტრუქციული პრობლემა, ან საძირკვლის პრობლემა. ამ სკოლაშიც პირველივე ეტაპზე დემონტაჟის შემდეგ დავიწყეთ ცვლილება იმ მიზნით, რომ უნდა მივიღოთ ხარისხიანი თანამედროვე სტანდარტის სკოლა.“ - განმარტავს ტაბიძე.

რამდენად საკმარისია ფონდის მიერ შეთავაზებული თანხები ამჟამად არსებული გაზრდილი სამშენებლო მასალის ღირებულების გათვალისწინებით? -BMG-ის ამ კითხვაზე ფონდში აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ შეთავაზება კომპანიებისთვის რომ სამუშაოების დასრულების სანაცვლოდ გაეზარდათ თანხაც, ამოქმედებულიყო ინდექსაციის მოდელიც, თუმცა ამ შეთავაზების მიუხედავად კონტრაქტორმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები მაინც არ შეასრულა.

„თუ ორგანიზაცია პირნათლად დაგვისრულებდა სამუშოებს და მშობლებს და ბავშვებს ჩააბარებდა სკოლას, ნებისმიერ ორგანიზაციას არა მხოლოდ ამას, ვინც განკარგულების ფორმატში ჯდება შეუძლია გამოიყენოს 619-ე დადგენილება, 620-ე რომელიც ინდექსაციაა. როცა გვესმის რომ ფინანსური პრობლემაა, ჩვენ არ ვართ მოხარულები კონტრაქტების გაწყვეტით, ჩვენი მიზანია რომ ობიექტი მივიღოთ და ხელი შევუწყოთ ობიექტის მიღებას", - განაცხადა დავით ტაბიძემ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 163 სკოლის პროექტიდან 2022 წლის ბოლომდე 145 სკოლაში დასრულდება სამუშაოები, სრულად კი პროექტი 2023 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.