08.ოქტომბერი .2019 11:00

როდის დაამტკიცებენ სებ-ის საბჭოს წევრებს - ერთმა კანდიდატურა მოხსნა, მეორე - მოლოდინის რეჟიმშია

views 217
უკან

"ახლო მომავალში ველოდები მეორე კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას, სადაც ჩემი კანდიდატურის განხილვა უნდა მოხდეს, კონკრეტული რიცხვი არ ვიცი და დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს,“ -  ასე უპასუხა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი ხიშტოვანმა BM.GE-ის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჭიანურდა მისი, როგორც  სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესი.

შეგახსენებთ: ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 9 წევრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს -  გიორგი ხიშტოვანს და გიორგი მიროტაძეს მხარი დაუჭირა. სებ-ის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ, თუმცა ამავე წლის 1 ოქტომბერს საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მიროტაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

„მოლოდინის რეჟიმში ვარ; ერთი განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში შედგა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ხოლო ახლა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა დაუჭიროს მხარი", - განმარტა ხიშტოვანმა.

თავის მხრივ, როგორც BM.GE-ს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში განუცხადეს, პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის მეორე კანდიდატურის წარდგენამდე სხდომის ჩანიშვნის დრო უცნობია.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც სებ-ის საბჭოს კანდიდატებს წარადგენს, როგორც იქ აღნიშნეს, საბჭოს მეორე (გიორგი მიროტაძის ნაცვლად) ახალი წევრობის კანდიდატის არჩევის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

ცნობისთვის:  ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით,  ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან. 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა