მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ და რა ფორმით ეხმარებიან უკრაინელი ოლიგარქები უკრაინას? - ანგარიში

6294643a7c3ae
მარიამ ადამია
30.05.22 22:00
1125
უკრაინაში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია, ან არ უგრძნია, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შედეგები. მათ შორის, თავისთავად ის ბიზნესმენები და ოლიგარქებიც არიან, რომელთა ბიზნესი დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა და დღეს მორალურ თუ მძიმე ეკონომიკურ ზარალს ითვლიან, რომლის მასშტაბებიც ყოველდღიურად მზარდია. რუსული აგრესიისგან საკუთარი თავის, ქვეყნისა თუ ქონების დასაცავად, რიგი ოლიგარქები ჰუმანიტარულ და ფულად დახმარებას სამშობლოში მუდმივად გზავნიან.

ვინ როგორ ეხმარება უკრაინას მძიმე პერიოდში? - კითხვაზე განახლებული ანგარიში DW-მ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 24 თებერვლიდან-დღემდე, რინატ ახმეტოვის ბიზნესმა, დაზარალებული ქვეყნის დასახმარებლად, 2 მილიარდ 100 მილიონ გრივნაზე მეტი გამოყო. ამ თანხაში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებაც შედის, იქნება ეს საკვები, მედიკამენტები თუ ევაკუაცია.

ასევე DW-ს ვიქტორ პინჩუკის ფონდის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თითქმის მთელ თავის დროს, ვიქტორ და ელენა პინჩუკები უკრაინის მხარდასაჭერად იყენებენ, რათა როგორმე ომი უკრაინის სასარგებლოდ, თან რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მისივე თქმით, პინჩუკმა 730 მილიონზე მეტი გრივნა გამოყო და ეს თანხა, პრესსამსახურის ცნობით, ჯავშანტექნიკის, ჩაფხუტების, საკომუნიკაციო აღჭურვილობის, სადაზვერვო აღჭურვილობის, საკვების, მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებას ხმარდება. ასევე, 24 თებერვლის შემდეგ, ვადიმ ნოვინსკიმ 505 მილიონი გრივნა გამოყო, კერძოდ, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების, საკვების, ლტოლვილების ევაკუაციისა და დახმარების მიზნით.

რაც შეეხება პოროშენკოს, მის ფონდსა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს, დაახლოებით 300 მილიონი გრივნა სხვადასხვა სამხედრო და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე დახარჯეს. ინფორმაციისთვის, ოლიგარქის ქონებაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა მიუხედავად ამისა, პოროშენკო არ წყვეტს ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო თანხის გამოყოფას. ფაქტია, რომ თითქმის ყველა ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი ეხმარება სამშობლოს, ერთადერთის გარდა და ეს იგორ კოლომოისკია, რომელიც მედიასთან არ ჩნდება, თუმცა მან მხოლოდ ერთხელ, რადიო "თავისუფლების" თხოვნით ისაუბრა უკრაინაზე და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "პატარა შიზოფრენიკია", რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. თუმცა დანამდვილებით არ იცის, აქვს თუ არა მას რაიმე დანაზოგი, რომლის დახარჯვაც უკრაინისთვის შეუძლია.

რაც შეეხება მიღებულ ზარალს, უკრაინული Forbes-ის მონაცემებით, ახმეტოვმა ომის დაწყების შემდეგ, 9,5 მილიარდი დოლარი დაკარგა, ახლა კი მისი ქონება 4,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ნოვინსკიმ დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარი დაკარგა, კოლომოისკიმ - 800 მილიონი დოლარი, პინჩუკმა - 700 მილიონი დოლარი, პოროშენკომ - 900 მილიონი დოლარი და შესაბამისად, დაკარგა მილიარდერის სტატუსი. ზარალს განიცდის ფირტაშის ბიზნესიც. კერძოდ, მხოლოდ გაზის ინფრასტრუქტურის განადგურების გამო, ზარალმა დაახლოებით 1,5 მილიარდი გრივნა შეადგინა და ეს რიცხვებიც ყოველდღიურად იზრდება.