მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განისაზღვრება საპენსიო სესხის განაკვეთი? - ინტერვიუ ვაჟა მენაბდესთან

6075bddbafafa
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.21 20:03
1638
„ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორის ვაჟა მენაბდის განმარტებით, მცდარია შეხედულება იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულ მოქალაქეებს მხოლოდ „ლიბერთი ბანკიდან“ შეუძლიათ სესხების აღება. გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში მენაბდემ ისაუბრა იმ სტატისტიკის შესახებ, რომელიც საკრედიტო ბაზარზეა. მისი თქმით, თუ ასაკოვან მოქალაქეებს „ლიბერთი ბანკში“, დაახლოებით, 420 მილიონი ლარის მოცულობის სესხები აქვთ, მათი ვალდებულებები სხვა საკრედიტო დაწესებულებებში 1.5 მილიარდ ლარს აღწევს. ამასთან, მენაბდე განმარტავს, რომ ამჟამად საპენსიო სესხების წლიური ეფექტური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30.69%-ია, რაც არც მაღალია და არც დაბალი, არამედ საბაზრო საპროცენტო განაკვეთია. საქმე ისაა, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივით, საკომიტეტო მოსმენა შედგა, რომელზეც საპენსიო სესხების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე საკუთარი პოზიციები და შეფასებები დააფიქსირეს „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა ვასილ ხოდელმა, სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი წოწკოლაურმა. სხდომაზე დეპუტატებმა დააყენეს რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობამ პენსიების გაცემის ხელშეკრულების შემდგომ სატენდერო პირობებში შეიძლება გაითვალისწინოს. თავად „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტის განმარტებით, ბანკი ამ ტენდერშიც კონკურენციისთვის მზაობას აფიქსირებს.



- რამდენად კონკურენტულია დღეს უფროსი ასაკის ადამიანებისთვის „ლიბერთი ბანკის“ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 30-დან 31% მდე მერყეობს და რისგან შედგება ეს პროცენტი?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგი განხილვა შედგა გუშინ და მოხარული ვართ, რომ „ლიბერთი ბანკს“ მოეგვეცა საშუალება, საქმიან და კონსტრუქციულ ფორმატში გვემსჯელა. ეს კითხვები დიდი ხანია ისმის და ტრიალებს, რომ თითქოს რაღაც არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს, სესხის საპროცენტო განაკვეთი უსამართლოა და ა.შ. ამდენად, კარგი იყო გუშინელი შეხვედრა და მადლობა კომიტეტს, რომ ამ თემის განხილვის საშუალება მოგვცა. საუბარი რაზეა, რომ საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წლების წინ 200% იყო, შემდეგ ჩამოვიდა 100%-ზე, შემდეგ - 50%-ზე და დღეს არის 30.69% და ამ ნომინალურ განაკვეთში ხდება სესხების გაცემა და ეს არის მაღალი. რას ნიშნავს მაღალი საპროცენტო განაკვეთი, როცა ვსაუბრობთ საბაზრო ეკონომიკასა და საბაზო ფასზე? - მთავარი კითხვა ალბათ უნდა დაისვას არა იმაზე, მაღალია თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, არამედ არის თუ - არა საბაზრო? ჩვენ გუშინ წარვადგინეთ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული სტატისტიკა, რა განაკვეთებში გაიცემა მსგავსი ტიპის სესხები სხვა ბანკებში. თუ შედარებას ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ვაშლი ვაშლს შევადაროთ - მილიონ დოლარიან სესხს რომ 1000-ლარიან სესხს შევადარებთ, თუნდაც იმიტომ იქნება სხვაობა, რომ სხვადასხვა ვალუტაა და სხვადასხვა რისკები და იქ ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ 1000-დან 2000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 26-27 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ესაა ნომინალური განაკვეთი, რომელსაც ემატება გაცემის საკომისიო და ა.შ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რომ დავთვალოთ, აქ შედის ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ამ სესხის აღებასთან. ნომინალურ განაკვეთში კი არ შედის გაცემის საკომისიო, დაზღვევის საკომისიო და ა.შ. ეფექტური განაკვეთი შეიძლება რიგ შემთხვევაში 30%-ზე მეტიც გამოვიდეს. ანუ როდესაც ამბობენ, რომ „ლიბერთი ბანკის“ სესხები უფროსი თაობისთვის არის ძვირი, რეალურად სხვა ანალოგიურ საბანკო პროდუქტებს რომ შევადაროთ, ასე არ არის; შეიძლება, უფრო იაფიც არის ან ახლოს არის სხვა ბანკების სესხებთან. სესხის ფასს რა განსაზღვრავს? - კრედიტი არის ფინანსური პროდუქტი, რომელსაც როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს თავისი თვითღირებულება და ფასი გააჩნია. ესაა რესურსის ღირებულება, ეს ფული ხომ უფასო არაა, რომელსაც ჩვენ სესხად გავცემთ; ამაში შედის დამფუძნებლების კაპიტალი, დეპოზიტარებისგან მოზიდული ფული, უცხოური პარტნიორებისგან ნასესხები ფული - ამ ყველაფერს თავისი ფასი გააჩნია. შემდეგ მოდის რისკი - მოგეხსენებათ, ამ ტიპის სესხებზე მთავარი რისკი არის გარდაცვალების რისკი და შემდეგ მოდის ფასი, თვითღირებულება, თანამშრომლის ხელფასების ფასი - ამ ყველაფერს ხომ მომსახურება სჭირდება და ეს ყველა ხარჯი რომ შევკრიბოთ, იქ თვალნათლივ გამოჩნდება, საიდან ხდება ამ საპროცენტო განაკვეთის დადგენა. ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ არ არსებობს მაღალი და დაბალი ფასი. არსებობს საბაზრო ფასი და ეს ფასი არის საბაზრო და ხშირ შემთხვევაში საბაზროზე უკეთესი.

- ანუ რეალურად „ლიბერთი ბანკში“ უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სესხზე პროცენტი არის ისეთი, როგორც სხვა ბანკებში და მოქალაქეებს შეუძლიათ „ლიბერთი ბანკის“ გარდა სხვა ბანკის საკრედიტო შეთავაზებითაც ისარგებლონ და ასეთებიც არიან. ანუ რომ ავხსნათ კიდევ ერთხელ - ხანდაზმული ადამიანებისთვის სესხის მხოლოდ „ლიბერთი ბანკში“ აღება სავალდებულო არაა? რადგან არის აღქმა, რომ მათ აქვთ შეზღუდვა, ისარგებლონ სხვა ბანკის შეთავაზებით...

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სხვა ბანკში ანალოგიური პირობების სესხით რომ ისარგებლოს ჩვენმა ხანდაზმულმა მომხმარებელმა, მას თითქმის იგივე პირობების შეთავაზება დახვდება. რატომ არის შედარებით მცირე ზომის სესხების განაკვეთი საშუალოდ უფრო მაღალი? - ეს დაკავშირებულია ასევე დისტრიბუციის ხარჯებთან. 1000 და 2000-ლარიანი სესხის გაცემას სჭირდება იგივე სამუშაო დროის დახარჯვა, რაც 20000-ლარიანი სესხის გაცემას, შესაბამისად, 20-ჯერ მეტი დრო იხარჯება მასზე. ამიტომ ამ საკითხზე საუბრის დროს მისი დისტრიბუციის ხარჯი ავიწყდებათ. რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, შეუძლიათ თუ არა მათ „ლიბერთის“ გარდა სხვა ბანკებიდან სესხების აღება, მათ ეს შეუძლიათ და 4-ჯერ მეტი აქვთ გარე ვალდებულებები, ვიდრე -„ლიბერთი ბანკში“. ჩვენთან, დაახლოებით, 400-420 მილიონი ლარი არის უფროსი ასაკის მომხმარებლის სესხები და მათ გარეთ სხვა ბანკებში აქვთ 1.5 მილიარდი ლარის ანუ ოთხჯერ უფრო დიდი ვალდებულებები; რომ შეამოწმოთ, ალბათ იქაც იგივე ან რიგ შემთხვევაში უფრო მაღალ განაკვეთებში აქვთ ეს სესხები. ჩვენ არავის ვზღუდავთ და ყველა იქიდან იღებს სესხს, საიდანაც ურჩევნია.

- ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ დაისვა კითხვები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთანაც სატენდერო პირობების შესახებ და შემდეგ უკვე კითხვები დასვეს შეხვედრის ინიციატორმა დეპუტატებმა - ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საპენსიო სესხების გაცემის საკითხში კონკურენციის შესაძლო შექმნაზე. საუბარია იმაზე, რომ მომავალში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში რამდენად შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა ბანკებმაც. თანმიმდევრობით მივყვეთ - ჯერ რეკომენდაციების ნაწილზე გვითხარით, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გასცა და შემდეგ გადავიდეთ ტენდერში შესაძლო კონკურენციაზე...

- ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციებში მათ მიერ „ლიბერთი ბანკი“ საერთოდ არ არის ნახსენები, ჩვენ მიმართ არანაირი არც თხოვნა, არც დავალება, არც პრეტენზია არ ყოფილა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ კომერციული სტრუქტურა, რომელიც საბაზრო პირობების გათვალისწინებით ემსახურება მომხმარებელს. რაც შეეხება რეკომენდაციების დანარჩენ ნაწილს, რომ იზრუნოს სააგენტომ ან ეროვნულმა ბანკმა გაცემული სესხების კუთხით მომხმარებლის უფლებებზე, ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაარეგულირებს კონკურენცია; როდესაც გავა „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულების ვადა, გამოცხადდება ახალი ტენდერი და ნებისმიერ ბანკს, რომელსაც აქვს სურვილი მოემსახუროს პენსიების გაცემას და აიღოს ეს ვალდებულება საკუთარ თავზე ამის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

- ინტერესი პენსიების გაცემის კუთხით კონკურენტი ბანკების მხრიდან ადრეც იყო?

- დიახ, მათი მხრიდან ინტერესი ადრეც იყო, თუმცა ტენდერში მონაწილეობა „ლიბერთი ბანკის“ გარდა სხვა ბანკს არ მიუღია. მათ ყოველი ტენდერის დროს შეეძლოთ საკუთარი წინადადების დაყენება. ჩვენ გვჯერა საბაზრო ეკონომიკის, გვჯერა კონკურენციის, ჩვენ გვჯერა ჩვენი ძალების და გვჯერა სამართლიანი კონკურენციის. დარწმუნებული ვართ, ჩვენ ძლიერ პოზიციებს დავაფიქსირებთ ამ ტენდერზე. რაც შეეხება რეგულაციებს ან სუბსიდიებს ხანდაზმულთა პენსიების ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ მსჯელობაა კრედიტის ფასის რეგულირებაზე, მე არ ვგულისხმობ საკრედიტო განაკვეთის ჭერის დაფიქსირებას, რაც ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა 50%-ზე და ეს ჩემი აზრით, საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან აღარ არსებობს ის 200%-იანი და უფრო მაღალი განაკვეთები. შესაბამისად, 50%-იანი ჭერი საკმარისია იმისთვის, რათა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს, მაგრამ თუ საუბარია უშუალოდ კრედიტის ფასის რეგულირებაზე, ასეთივე წარმატებით შეიძლება ვიმსჯელოთ შაქრის ფასის რეგულირებაზე და ეს სად მიგვიყვანს, ყველამ იცის, რომ ერთ დღესაც შაქარი აღარ იქნება ბაზარზე, ასევე სესხი აღარ იქნება ბაზარზე და ამით დასრულდება ეს საკითხი.











-