25.იანვარი .2023 00:40

როგორი იყო 2022 წელი სუპერმარკეტებისთვის?

 როგორი იყო 2022 წელი სუპერმარკეტებისთვის?
views 793
უკან

საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ პროცესის შედეგად, ბაზარზე ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ბიზნესმოდელების ქსელები უკვე წარმატებით დამკვიდრდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რაც ძირითადად მიწოდების ჯაჭვის დარღვევას, ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასა და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შექმნილ სასაქონლო დეფიციტს უკავშირდება, მათ პროდუქციის რეალიზაციის საშუალოდ 20-30%-იანი ზრდა მაინც შეძლეს.

როგორც „ფრესკოს“ გენერალური დირექტორი, სოფო კორძახია BMG-სთან აღნიშნავს, 2022 წელი სუპერმარკეტების ქსელისთვის როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ისე მათგან მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული იყო. კომპანიის მომგებიანობა კი თანამშრომლების სახელფასო კომპონენტზე აისახა.

„ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე მომგებიანობა ჩვენს თანამშრომლებზე ავსახეთ, იმ თვალსაზრისით, რომ მათი სახელფასო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გავზარდეთ. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში არსებული მწვავე საკადრო დეფიციტის მიუხედავად შევძელით, რომ თანამშრომლების გადინების დაბალი კოეფიციენტი შეგვენარჩუნებინა. გარდა ამისა, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციით წელს ჩვენ კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, სადაც დამატებით ასობით ადამიანი იქნება დასაქმებული“, - აცხადებს სოფო კორძახია.

კიდევ ერთი სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც გასულ წელს მომხმარებელთა რაოდენობა და გაყიდვები საშუალოდ 25%-ით გაეზარდა - „გუდვილია“.

კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი ხაბაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, მომხმარებლების მზარდი რაოდენობა „გუდვილის“ მიერ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდამ განაპირობა. ამასთანავე, მომხმარებლის ზრდაზე გავლენა ქვეყანაში მიგრანტების გაზრდილმა ნაკადმაც იქონია.

„მართალია, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან, თუმცა, რასაკვირველია მიგრანტების შემოსვლამაც იქონია გავლენა ჩვენი მომხმარებლის რაოდენობის ზრდაზე. ეს ზეგავლენა განსაკუთრებით იმ ობიექტებზე იგრძნობა, რომლებიც ტურისტულ ლოკაციებზეა. ჩვენ გვაქვს ასევე ისეთი ობიექტებიც, სადაც გაყიდვებზე ტურიზმის გავლენა მინიმალურია, თუმცა ზრდა საკმაოდ დიდი გვაქვს. ეს ზრდა, უპირველესად, იმ უამრავმა სიახლემ განაპირობა, რაც გასულ წელს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზეთ. ათეულობით პროდუქტი დავამატეთ კულინარიის მიმართულებით, ამავე რაოდენობის პროდუქტი დავამატეთ პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით, ასეულობით პროდუქტი დავამატეთ საკუთარი იმპორტის თვალსაზრისით, რადგან ჩვენს მომხმარებელს სჭირდება და აინტერესებს ექსკლუზიური პროდუქტები”,- აცხადებს გიორგი ხაბაშვილი.

გაყიდვების მაჩვენებელი გაეზარდა „მაგნიტსაც“. კომპანიის მიერ „BMG”-სთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიას მიგრანტების ხარჯზე მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით აჭარის რეგიონში გაეზარდა.

„მიგრანტების რაოდენობის ზრდა ჩვენი ქსელის მომხმარებელთა ზრდაზე ძირითადად აჭარის რეგიონში, კონკრეტულად ბათუმშია შეგვიძლია გამოვყოთ. აღსანიშნავია, რომ საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის გაყიდვების მაჩვენებელი შენარჩუნებულია, რაც შესაძლოა, მიგრანტების ფაქტორით იყოს განპირობებული.

2022 წლის გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 12-14%-მდეა. რა თქმა უნდა, იანვარში რეალიზაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც მეტწილად პოსტ სადღესასწაულო პერიოდითაა განპირობებული.

თუ გასული წლის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, 2023 წელსაც გაყიდვების ტენდენციის მოლოდინი ზრდისკენაა“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა