20.აპრილი .2021 19:45

როუმინგის “გადახარჯვისგან” აბონენტებს ახალი რეგლამენტი დაიცავს

 როუმინგის “გადახარჯვისგან” აბონენტებს ახალი რეგლამენტი დაიცავს
views 322
უკან

საერთაშორისო როუმინგის დროს აბონენტები არაერთხელ დამდგარან მსხვილი გადახარჯვის წინაშე - ამ პრობლემის გამოსწორებას ისახავს მიზნად კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი ახალი რეგლამენტი, რომელიც ქართველ ოპერატორებს აბონენტებისთვის როუმინგის ჩართვის დროს ახალ მოთხოვნებს უწესებს. კომპანიებს მომხმარებელთან როუმინგის ლიმიტის წინასწარი დამტკიცება დაევალებათ, ამ ლიმიტის ამოწურვის დროს კი სერვისის მიწოდება შეწყდება. შესაბამისად, მომხმარებელი მოულოდნელი ხარჯების წინაშე აღარ აღმოჩნდებიან. ეს წესი 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

“კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს როუმინგული მომსახურების მიღების მსურველი პირისთვის უცხო ქვეყანაში ჩასვლამდე ფინანსური ლიმიტების შესახებ ინფორმირება. ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი. მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია მას ინფორმაცია მიაწოდოს.

ასევე, ცვლილებებით დგინდება მომხმარებლის როუმინგში ყოფნის დროს გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის წესი, რომლის თანახმად, მომხმარებელს მომსახურების საფასური უნდა დაერიცხოს უშუალოდ გაწეული მომსახურებისთვის,” - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

როუმინგი ერთადერთი საკითხი არაა, რის შესახებაც სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ. ცვლილება შეეხო პაკეტების ტარიფების ცვლილების შესახებ აბონენტთა ინფორმირების წესსაც, კომპანიებს გაუჩნდებათ ვალდებულება ტარიფის ცვლილებამდე არა 10 დღით, არამედ 1 თვით ადრე შეატყობინონ მომხმარებლებს.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება ახალი სერვისების და პაკეტების ჩართვას. მომხმარებლისთვის მათი ნებართვის გარეშე ახალი ფასიანი პაკეტების ჩართვა აიკრძალა.

ტარიფების გამჭვირვალობის ზრდისთვის განისაზღვრა ისიც თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ კომპანიებმა აბონენტებს მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა