17.მაისი .2020 11:24

“რთველის პერიოდს მომზადებული უნდა შევხვდეთ” - მინისტრი მეღვინეებს ესაუბრა

views 378
უკან

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის შემსუბუქების ღონისძიებების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
ონლაინ შეხვედრაში ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ასოციაციაში შემავალი 20-მდე კომპანიის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ რაც შეიძლება მინიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ აისახება შექმნილი ვითარება მეღვინეობის სექტორზე.

ასოციაციის წევრ მსხვილ კომპანიებს გავაცანი კონკრეტული შეთავაზებები, რომელსაც ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. აღნიშნული გეგმის თანახმად, შესაძლებელი ხდება უფრო მეტი საკრედიტო-საფინანსო რესურსებით სარგებლობა, მათ შორის, მეღვინეობის დარგისთვის. არსებული ვითარების მიუხედავად, რთველის პერიოდს მომზადებული უნდა შევხვდეთ, გვქონდეს ტექნოლოგიურად გამართული საწარმოები. მეწარმეებმა უნდა გააგრძელონ დარგში ინვესტირება და კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დარგის წასახალისებლად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ვიდრე სხვა უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა. სამინისტროს მხრიდან არსებობს კონკრეტული ინიციატივები, როგორც მცირე საწარმოების, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. კომუნიკაცია კრიზისის დროს ძალიან ღირებულია, რათა სწორად გამოვიყენოთ ეს პერიოდი შემდგომი მოქმედებისთვის”, - აღნიშნა თავის მხრივ თინა კეზელმა.

ცნობისთვის: ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს დაემატა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება.

თანადაფინანსების პროცენტი ნაცვლად 8%-ისა იქნება 11%. თანხობრივი ლიმიტი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდე.
ასევე, ყურძნის გადამუშავების მიმართულებით არის სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტი, რომლის ფარგლებში სესხი გაიცემა 1,500,000 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში.