მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი დეკემბრიდან მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

618e3429829b4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.21 13:59
905
1 დეკემბრიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 276.7 დოლარამდე ზრდის - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Interfax-ი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნოემბერში აღნიშნული საქონლის ექსპორტის გადასახადი 1 ტონაზე 194.5 დოლარს შეადგენდა, ოქტომბერში 227.2 დოლარს, ხოლო სექტემბერში 169.9 დოლარი იყო.

ახალი გადასახადი მზესუმზირის ზეთის საჩვენებელი ფასიდან გამომდინარეობს, რომელიც ტონაზე 1 395.4 დოლარია. ნოემბერში ეს მაჩვენებელი 1 277.9 დოლარს, ოქტომბერში 1 324.7 დოლარს, ხოლო სექტემბერში 1 242.8 დოლარი იყო.

ცნობისთვის: მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო მცურავი ბაჟი რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის 1 სექტემბრიდან აამოქმედა და ის 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს. „აგროექსპორტის“ ცენტრის მონაცემებით, 10 თვეში რუსეთმა 5.4 მლრდ დოლარის ღირებულების ზეთის და ცხიმის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის მონაცემებს 47%-ით აღემატება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის რუსეთი მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი ქვეყანაა. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნიდან 25 257.6 ტონა ზეთის შესაძენად 36.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 42.9%-ით მეტია, მაშინ როდესაც შეძენილი ზეთის მოცულობა 14.9%-ითაა შემცირებული.