მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საბურთალო“-კობიაშვილს: აუცილებელია კონცენტრირება იმ პრობლემებზე, რაც ქართულ ფეხბურთშია

6055ea8e088ea
ინგა მურუსიძე
20.03.21 16:41
728
"აუცილებლად მიგვაჩნია, დიალოგის რეჟიმში, კონცენტრირება გაკეთდეს იმ პრობლემების განხილვაზე, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს", - ამის შესახებ ნათქვამია საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ განცხადებაში, რომლითაც კლუბი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებას პასუხობს. საქმე ისაა, რომ „საბურთალოს“ პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის მხრიდან პროფესიული ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ბიზნესმენს ფინანსური პრობლემები ჰქონდეს. „ხეჩიკაშვილი ამ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს კლუბი ცალკე იურიდიული პირია და მას უნდა ჰკითხოთ, რატომ წყვეტს დაფინანსებას. შეიძლება, ფინანსური პრობლემები აქვს. გასაგებია, რომ კრიზისია, პანდემიაა და, შესაძლოა, რაიმე ფინანსური პრობლემა ჰქონდეს ბიზნესიდან გამომდინარე. დიდია ხანია, ფედერაციის დავალიანება აქვთ, ასი ათასობით ლარი. ჩვენს ინფრასტრუქტურას იყენებენ, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი სტადიონი და ამის გადასახადს არ იხდიან”, - თქვა ლევან კობიაშვილმა. 

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საბურთალოსა და ტარიელ ხეჩიკაშვილის თანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არაერთი კრიზისისა თუ კატაკლიზმების გადატანა მოუხდა ჩვენს ქვეყანას და მიუხედავად ამისა, არც წარსულში და არც ახლა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ჟამს, კლუბის დაფინანსება არ შეუწყვეტია ბატონ ტარიელს, ასე რომ აპელირება რაიმე სავარაუდო კრიზისზე მართებულად არ მიგვაჩნია.

საფეხბურთო საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ საბურთალოს აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ამ მიზნის მისაღწევად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, გადამზადდნენ მწვრთნელები, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო ტურნირი. ბუნებრივია, ყოველივე ეს მრავალ მილიონიანი ინვესტიციების შედეგად გახდა შესაძლებელი. ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი და აკადემიის განვითარება კვლავ რჩება კლუბის პრიორიტეტულ
საკითხად, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი პარტნიორების შენარჩუნება.

რაც შეეხება საშინაო არენას – მთავარი გუნდი სარგებლობს “მიხეილ მესხის” არენით, რაშიც იჯარით დაკისრებულ თანხას კლუბი წლებია პატიოსნად იხდის. მოიჯარის და მეიჯარის ურთიერთობა სტანდარტული პროცესის ფარგლებს არ გაცდენია, მაგალითისთვის მოვიყვანთ ბოლო ორი თვის მონაცემებს – იანვარში დასაფარი იყო 70,089 ლარი, რაც თებერვლისთვის შევამცირეთ 42,856 ლარამდე. იჯარით გადასახდელი თანხის ზრდა და კლება სტანდარტული პროცესია და მართვას ექვემდებარება. ხოლო საბურთალო წლებია ინარჩუნებს კეთილსინდისიერი მოიჯარის და გადამხდელის სტატუსს. ასე რომ კომენტარში მოყვანილი ფაქტი თითქოს ფედერაციის ინფრასტრუქტურით უფასოდ ვსარგებლობთ და რამდენიმე ასეულ ათასი ლარი გვაქვს დავალიანება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვფიქრობთ, “საბურთალო” იყო კერძო ინვესტორსა და საფეხბურთო ოჯახს შორის თანამშრომლობის წარმატებული მოდელი და მაგალითი, როგორც სხვა გუნდებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, თუმცა დღეს შექმნილი მდგომარეობა ერთნაირად აზიანებს, როგორც ჩვენს კლუბს, ასევე მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია დიალოგის რეჟიმში, კონცენტრირება გაკეთდეს იმ პრობლემების განხილვაზე, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.