მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახური "ლუკოილშია" - რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს კომპანიას

5e01d6ea05c45
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.19 13:17
1871
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილში“ არის შესული. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამ დროისთვის უცნობია თუ რას უკავშირდება აღნიშნული მოქმედებები. 

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით რას უკავშირდება მოქმედებები... საგამოძიებო სამსახური ერთი დღით იყო შემოსული და რაღაც საბუთები წაიღეს. რა საბუთებია - არ ვიცით, ამას ვერ გეტყვით“, - აცხადებენ Lukoil-ში.

"ლუკოილს" 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 332.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 9 მილიონი ლარით ნაკლებია. 

მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, 2018 წელს "ლუკოილმა" საქმიანობა ზარალით დაასრულა, კომპანიის ჯამური ზარალი 13.6 მილიონ ლარს შეადგენდა. 

შემოსავლის წყაროების მიხედვით, "ლუკოილმა" გასულ წელს 199 მილიონი ლარი საცალო, ხოლო 133 მილიონი ლარის შემოსავალი ნავთობის საბითუმო გაყიდვიდან მიიღო. 

აუდიტორული ანგარიშგებიდან ირკვევა ისიც, რომ "ლუკოილსა" და SOCAR Georgia Petroleum-ს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა. "საჩივრის მიხედვით, კომპანიამ არ გადაიხადა გაყიდვების ხელშეკრულებაში მითითებული მთლიანი ოდენობა და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჰქონდა დაუფარავი ნაშთი 2,255 ათასი ლარის ოდენობით," - ნათქვამია აუდიტორულ ანგარიშგებაში. 

"კომპანიას ჰყავს მხოლოდ ერთი დამფუძნებელი დაარსებიდან დღემდე კომპანია LUKOIL Europe Holdings B.V., რომელიც რეგისტრირებულია ამსტერდამის სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომერციულ რეესტრში 1998 წლის 07 აპრილს.

კომპანიას, თავისი არსებობის პერიოდში, 2-ჯერ მოუწია მნიშვნელოვან სასამართლო დავებში მონაწილეობა, კერძოდ; პირველი დავა წარმოეშვა 2014 წელს მოსარჩელე თავდაცვის სამინისტროსთან. დავა ეხებოდა მხარეთა შორის, საწვავის მიწოდების თაობაზე არსებული ხელშეკრულების პირობებში შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ს (მიმწოდებელი) მიერ გარკვეულ პერიოდში საწვავის 15 დღით დაგვიანებით მიწოდებას, რაც გამოწვეული იყო შემსყიდველის (თავდაცვის სამინისტრო) ვადაგადასული დავალიანებით. შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს მიერ წარდგენილი იქნა შეგებებული სარჩელი ვადაგადაცილებულ დავალიანებასთან დაკავშირებით. ამჟამად დავა განხილვის სტადიაზეა.

მეორე სასამართლო დავა ეხებოდა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის #81 ბრძანებას, რომლის თანახმადაც კონკურენციის სააგენტოს მიერ 2008-2014 წლების სასაქონლო ბაზრის მოკვლევის შედეგად ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ ძირითად 5 მსხვილ კომპანიას დაეკისრათ ჯარიმები, მათ შორის შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს 4,740,260 ლარის ოდენობით. კონკურენციის სააგენტოს ბრძანება გასაჩივრებული იქნა შპს „ლუკოილ ჯორჯია“-სა და დაჯარიმებული ნავთობკომპანიების მიერ. 2017 წლის 28 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა კონკურენციის სააგენტოს, რის შემდგომაც, კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის #04/117 ბრძანებით შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს ჯარიმა საბოლოოდ განისაზღვრა 410,692 ლარით,"- ნათქვამია ანგარიშგებაში.