03.დეკემბერი .2020 19:40

საინიციატივო ჯგუფი: სტუმარ-მასპინძლობის სექტორი 8 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრს შეხვდება

 საინიციატივო ჯგუფი: სტუმარ-მასპინძლობის სექტორი 8 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრს შეხვდება
views 523
უკან

გუშინ, 2 დეკემბერს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფმა მთავრობის კანცელარიასთან პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მთავრობას და პრემიერს სექტორის გადარჩენის 5 პუნქტიანი გეგმით მიმართა. საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებულმა 35 რესტორანმა მოთხოვნები მას შემდეგ შეიმუშავა, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით სარესტორნე ბიზნესს ოპერირება შეეზღუდა.

რესტორნებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლების განცხადებით, 2-თვიანი შეზღუდვების შემდეგ ბაზარზე არსებული რესტორნების 80% ვეღარ გაიხსნება, რაც სექტორის კოლაფსს გამოიწვევს.

როგორც BM.GE-ის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლევან ქოქიაშვილმა განუცხადა, დღეს დარგის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და მინისტრთან - ნათია თურნავასთან შეხვედრა სამშაბათს - 8 დეკემბერს 15:00 საათზე დანიშნეს.

ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი რესტორატორების მიერ გაჟღერებულ დარგის გადარჩენის 5 მოთხოვნაზე იქნება.

„უნდა განვიხილოთ ის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც გუშინ გავაჟღერეთ და რომლითაც მივმართეთ როგორც პრემიერს, ასევე ეკონომიკის მინისტრს. განხილული იქნება ყველა ის ინიციატივა და პრობლემა, რომელიც სარესტორნე ბიზნესს ამ 5 მოთხოვნის ფარგლებში ექნება.

ველით, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრაზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოხდება“, - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, დღეს ეკონომიკის მინისტრის მიერ რესტორნებისთვის სესხებისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის დაანონსება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სარესტორნე ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა იმაზე, როგორ და ვისი სუბსიდირება მოხდება - დეტალური ინფორმაცია სექტორის წარმომადგენლებს ჯერ არ აქვთ.

„საქმე ისაა, რომ პირველი ლოქდაუნის შემდეგ დიდი ბრუნვის მქონე რესტორნებზე ბანკებმა გასცეს სესხები, ხოლო მცირე მეწარმეებზე არა, რის გამოც რესტორნებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების აღება მოუწიათ. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენად შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალო რესტორნების პროგრამაში ჩართვა. ჩართულნი არიან თუ არა დღეს გაჟღერებულ პროგრამაში მისო-ები? 

ამასთან, მინისტრმა რესტორნების კონრეტული რაოდენობა 1 500 დაასახელა, თუმცა ჩემი ინფორმაციით ქვეყანაში 8 000-მდე რესტორანია. ეს კითხვები გვაქვს - ვინ შეძლებს ამ სესხების მიღებას“, - განაცხადა ლევან ქოქიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა