მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ვალდებულებას ასრულებს, ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება - ზალკალიანი

61547e18ea752
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.21 18:55
800
"საქართველო აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცემა EU Observer-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც გერმანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან, ასევე ბალკანეთის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით უკმაყოფილოა და ევროკომისიას აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა, საუბარია, რომ ბალკანეთის წევრი ქვეყნები - ალბანეთი და სერბეთი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ლიდერობენ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობით, რაც ქვეყნისთვის სამიგრაციო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

თუმცა, დავით ზალკალიანის თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულებას.

„მე მინდა დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი; მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული.

ასე რომ, ეს ძალიან დიდი ტყუილია, არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი ძალიან კარგად არის. ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, უაღრესად პოზიტიურია, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ამიტომ, არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება.


ახლა მაცნობეს, რომ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ არანაირი მსგავსი ნაბიჯები არ იგეგმება, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, რომ ჩვენს ოპონენტებს იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ნუ ხარობენ ქვეყნის წარუმატებლობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა აშკარად წარმატების გზას ადგას. ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ ნაკისრი არც ერთი ვალდებულებიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

EU Observer-ი წერს, რომ გერმანიის მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტი 27 სექტემბრით თარიღდება. ამასთან, გამოცემის თანახმად, გერმანიის მსგავსად ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მზარდ იმედგაცრუებას გამოხატავენ იტალია და საფრანგეთიც.

დოკუმენტის მიხედვით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ალბანეთი - მეორე; უკრაინა - მეხუთე, სერბეთი - მეშვიდე, მოლდოვა - მეცხრე, საქართველო კი მეათე ადგილზეა.

EU Observer-ის თანახმად, უშუალოდ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2019 წლის დონესთან შედარებით ბოლო სამ თვეში 51%-ით გაიზარდა.

უვიზო მიმოსვლა ევროპული კომისიის მიერ ითვლებოდა მნიშვნელოვან მიღწევად ევროკავშირსა და ბალკანეთის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შორის ურთიერთობების მხრივ. თუკი ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებისა და არალეგალური ცხოვრების შემთხვევები 50%-ზე მეტით გაიზრდება, მაშინ ვიზის შეჩერების მექანიზმის მიხედვით, მსგავს ქვეყანას შესაძლოა მოეხსნას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.