მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა: სამსახური 100,000-მდე მოქალაქემ დაკარგა

5f844615b49b9
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.20 16:11
1575
საქართველოში კორონავირუსის ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამსახური 100 ათასამდე მოქალაქემ დაკარგა - ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართული მოსმენის დროს გააკეთა.

დეპუტატ სერგი კაპანაძის კითვაზე პასუხისას კაკაურიძემ განაცხადა, რომ მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს, დაახლოებით, 20 ათასი ადამიანი საკუთარი შემოსავლის აღდგენას შეძლებს.

“2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. გაიზრდება ინვესტიციების ხარჯზე და ეკონომიკური აქტივობის ხარჯზე. მინიმუმ 20 ათასმა უნდა აღიდგინოს შემოსავალი. ეს წელს დაკარგული სამსახურები არ არის, ეს არის დაკარგული იმიტომ, რომ პანდემიაა ქვეყანაში და ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და ის, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით, 100 ათას ადამიანამდეა, ვინც შემოსავლი დაკარგა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

BMG-იმ გამოითხოვა ოფიციალური სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია. აღნიშნული პროგრამა ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ყოველთვიურ დახმარებას იღებდნენ ის პირები, ვისაც 2020 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჰქონდათ ხელფასები, თუმცა ამის შემდგომ შემოსავალი დაკარგეს. ეს დახმარება 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა, თუმცა მოქალაქეებს ის უწყდებოდათ მაშინვე, თუკი მათ ანგარიშზე 10 ლარზე მეტი მოცულობის სხვა შემოსავალი დაფიქსირდებოდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161,905-მა ადამიანმა ისარგებლა.

თვეების მიხედვით, კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:

მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი;

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს 160 ათასამდე მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს.