მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა მაღალი ტემპით მიმდინარეობს - ნათია თურნავა

61e27ad5dccda
BM.GE
15.01.22 11:38
1294
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საკითხს.

"როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავასრულეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის აუცილებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შემდეგი საპილოტე რეგიონი არის ქობულეთი, სადაც პროცესი მიმდინარეობს, ასევე გამოცხადებულია ტენდერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის. გეგმის მიხედვით გაგრძელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სოფელსა თუ მაღალმთიან დასახლებაში შეძლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ახალგაზრდების მეტი და უკეთესი განათლების შესაძლებლობისთვის და მეტი დამაგრებისთვის სოფლებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ჩარლზ ჰარპის თქმით, მოხარულები არიან პროექტის მიმდინარეობის პროგრესით.

„მოხარულები ვართ, რომ პროგრესი შესამჩნევია და ინფრასტრუქტურა გასული წლის განმავლობაში ასე განვითარდა. ეს ძალიან საინტერესო და ამბიციური პროგრამაა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ ინკლუზიურობას რეგიონში. პროექტის მიზანია უზრუნველყოს ციფრული სერვისები, ციფრული ჩართულობა ქვეყნის რეგიონების იმ სოფლებში, სადაც დღეს ინტერნეტზე წვდომა არ არის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჩარლზ ჰარპიმ.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც აშენდა 140კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, სერვისი უკვე მიეწოდება ადგილობრივ ოპერატორებს და მათი მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაციები და მოსახლეობის ქსელში ჩართვა.

მშენებლობა დასრულების ეტაპზეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს 50 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობას, 13 დასახლებულ პუნქტს და 10,500 მოსახლეს.

„Log in Georgia“-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1000-მდე დასახლებულ პუნქტში (მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში), რომლითაც სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი"-ნათქვამია ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის მთავრობამ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა. 

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტისთვის 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.

2015 წელს განიხილებოდა, რომ ამ პროექტის დაფინანსებას “ქართუ ფონდი” 100 მილიონი დოლარით მოახდენდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ფონდი ამ მიმართულებით ინვესტიციებს არ გეგმავდა. ამჟამად, საქართველო პროექტს როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე მსოფლიო ბანკის კრედიტით აფინანსებს. 2020 წლის 28 აგვისტოს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 37 მილიონი ევროს მოცულობის პროექტი Log In Georgia (რებრენდინგით პროექტს სახელი შეეცვალა), ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული სესხი 25-წლიანია, საიდანაც პირველი 14 წელი საშეღავათოა ანუ საქართველო ამ ვალის გადახდას 14 წლის შემდეგ დაიწყებს.