მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატორი როჯერ ვიკერი გახარიას: მოგიწოდებთ დანერგოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა

5e2c843769e8b
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.20 21:59
2353

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს გაასაჯაროვა წერილი, რომელიც აშშ-ის სენატის წევრმა, მისისიპის შტატის წარმომადგენელმა როჯერ ვიკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას 2019 წლის 19 დეკემბერს გაუგზავნა. 

სალომდე სამადაშვილმა აღნიშნული წერილის გასაჯაროებისკენ საქართველოს მთავრობას დღეს დილით მოუწოდა, თუმცა საქართველოს მთავრობას, კონგრესმენთა წინა წერილისგან განსხვავებით, ის თავად არ გაუსაჯაროებია. 

წერილით კონგრესმენი ვიკერი საქართველოს მთავრობას პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებისგან თავის შეკავებისკენ, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისკენ და დაპირებული საარჩევნო რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდებს. 

როჯერ ვიკერის წერილში ვკითხულობთ:

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია. 

მე როგორც დამოუკიდებელი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი, მოხარული ვიყავი იმ მიღწევებითა და პროგრესით, რასაც საქართველომ გასული 16 წლის განმავლობაში მიაღწია. ვარდების რევოლუციის შემდგომ, საქართველომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინა ინსტიტუციები, მათ შორის გატარდა სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა, განვითარდა თქვენი ქვეყნის სამოქალაქო სექტორი, რაც თქვენს ქვეყანას დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ პოსტ-საბჭოთა ქვეყნად აქცევს. 

ვიცი, რომ თქვენც იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს საქართველოში დემოკრატიული განვითარების განგრძობასთან დაკავშირებით. ეს არის კიდეც მიზეზი, რის გამოც მე ამ წერილს გიგზავნით, რათა თქვენი ყურადღება უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს მივაპყრო. გასულ თვეში, საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" პარტიის წევრებმა ვერ შეძლეს მიეღოთ ახალი საარჩევნო სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რაც იყო საზოგადოების წინაშე გაცემული და რაც 2020 წლისთვის თქვენს ქვეყანაში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაამკვიდრებდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოების ფართო სპექტრის მიერ არის მხარდაჭერილი. საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს ცვლილებები საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მოულოდნელი ჩაგდება, უკვე გახდა მიზეზი, რის გამოც 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სანდოობას საზოგადოების თვალში ზიანი უკვე მიადგა.

ამასთანავე, არსებობს შეშფოთება უკანასკნელ პერიოდში თქვენი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური შეტევების გამო. "ქართული ოცნების თავმჯდომარის", ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა მინიშნებებმა, რომლებიც გამოხატავენ მუქარას პოლიტიკური ოპონენტების "ციხეში ჩასმის" შესახებ, გააღრმავა შეშფოთება დევნის და სასამართლო პროცესების დაწყების დროისა და გარემოებების გამო. საქმე ეხება ისეთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, როგორებიც გიგა ბოკერია და ნიკა მელია არიან.

"ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ არჩევაზე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის მიუხედავად, ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას. დამტკიცებული მოსამართლეების რაოდენობა, როგორც ჩანს, ბევრად აღემატება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, "უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა მოსამართლე უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის". რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ დაბალი ნდობის გამო გასცა.

არჩევნების გამო, რომლამდეც 1 წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, სწრაფად მიიღოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა მხარდაჭერა და ყველასთვის უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს.

თუ ეს ზომები მიღებული არ იქნება, კიდევ უფრო შემცირდება შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რამაც შესაძლოა, შეამციროს არჩევნების ლეგიტიმაცია", - წერს სენატორი როჯერ ვიკერი წერილში.