მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევამჩნიე, რომ ეკონომიკის და სავაჭრო ბრუნვის მხრივ საგრძნობი პროგრესი გვაქვს - ალიევი ღარიბაშვილს

615455cf034a1
ინგა მურუსიძე
29.09.21 16:10
572
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში წერია, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალ დონეს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

პრეზიდენტმა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ვიზიტისა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, როგორც მეგობარ ქვეყანას, ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში.

„ეს არის თქვენი მეორე ვიზიტი წელს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები, ასევე შესაძლებლობები.

ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც. გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანში შეხვედრების დროს ასევე განიხილავენ ორი ქვეყნის თანამშრომლობის ტრადიციულ მიმართულებებს: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე სარგებლობს ორივე ქვეყანა.

"ამ პროექტების წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით, ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით, რაც ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.

„დღეს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომას და განვიხილავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტიურად ვითარდება. საქართველო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ჩვენი ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით. ჩვენს ინტერსებში ასევე შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას.

ეს არის წელს ჩემი მე-2 ვიზიტი და, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა დიალოგი ტელეფონით. დღეს კი ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ძალიან ნაყოფიერი იქნება”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.