მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შრომის ინსპექციას პრაქტიკულ კითხვებზე პასუხი არ აქვს“ - ტაბელის წარმოების გამოწვევები

603f989c8814a
ინგა მურუსიძე
03.03.21 18:21
3320
1 მარტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, მოახდინონ თანამშრომელთა აღრიცხვა სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად. ახალმა რეგულაციამ კომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია. ბიზნესი ამბობს, რომ ტაბელის წარმოება რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული, მათ შორის, შესაძლოა, გაიზარდოს ხარჯები. ბიზნესის ნაწილი რეგულაციის ამოქმედების 1-2 თვით გადავადებასაც კი ითხოვდა, მაგრამ  - უშედეგოდ.

ახალ რეგულაციაზე სამსჯელოდ გუშინ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე 200-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. როგორც BM.GE-ის შეხვედრის ორგანიზატორმა და ერთ-ერთმა მონაწილემ, დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტმა შალვა ცხაკაიამ უთხრა, შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა.

მისივე თქმით, "შრომის ინსპექცია, დასაწყისში, კომპანიებს ლმობიერებას დაჰპირდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა დაიწყება".

"ძალიან ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი; ითქვა ისიც, რომ თუკი ნახავენ, რომ კომპანიას დაწყებული აქვს მუშაობა საკითხის მოსაგვარებლად, სანქციები არ იქნება. 200-მდე კომპანია ესწრებოდა და ყველას კითხვა ჰქონდა. რაღაც შეკითხვებზე ზოგადი პასუხები მივიღეთ. პრაქტიკული პასუხები იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოს კომპანიამ აღრიცხვა, არ აქვთ, რადგან ამას თვითონაც არ აკეთებენ“, - განაცხადა ცხაკაიამ.

იურისტის თქმით, შრომის ინსპექცია შემოწმების დაწყების გადავადებას არ აპირებს და კომპანიებს ხვალიდანვე შეამოწმებენ.

„ზოგადი განწყობა ისეთია, რომ ხვალ ალბათ მაღაზიებში არ შევლენ შესამოწმებლად, მაგრამ თუ შევლენ, გაფრთხილება და მითითება გაიცემა, მაგრამ როცა დიდ კომპანიებში შევლენ და ნაბიჯების გადადგმა დაწყებული არ არის, საკითხის მოსაწესრიგებლად, ალბათ სანქციებსაც გამოიყენებენ“, - განაცხადა ცხაკაიამ.

დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიზნესს სხვა გზა არ აქვს, ამიტომ საკითხის მოგვარება უნდა დაიწყოს ანუ აწარმოოს ტაბელი.

„ყველა კომპანიას მოუწევს, რეგულაციას დამორჩილოს. რაც შეეხება პატარა კომპანიებს, არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხონ ამ თემის რეგულირება. ალბათ მოუწევთ, რომელიმე თანამშრომელს დაავალონ ტაბელის წარმოება. რაც მთავარია, საქმე ემატება დასაქმებულსაც - ზოგ შემთხვევაში, როცა დისტანციურად მუშაობს თანამშრომელი, მას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ნამუშევარი დროის ანგარიშგება აწარმოოს. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს არის და არ გამოვრიცხავ, ამან დასაქმებულებს და დამსაქმებლებს შორის გამოიწვიოს უთანხმოება“, - აღნიშნა ცხაკაიამ და დასძინა, რომ ბიზნესს აუცილებლად მოუწევს დამატებითი ხარჯის გაწევა, მათ შორის IT კომპანიების დაქირავება, სოფტის გაკეთება და ა.შ.", - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.