მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული აგროსკოლა „კავკასია“ USAID-ის მხარდაჭერით, დმანისში ახალ ტრენინგ ცენტრს აფუძნებს

6432962eb92a8
ლიკა მეგუთნიშვილი
09.04.23 15:06
734
„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ USAID-ის მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ახალ სასოფლო-სამეურნეო ტრენინგ ცენტრს აფუძნებს. სასწავლო ცენტრში ცნობილი შვეიცარიული სასოფლო-სამეურნეო სკოლა - “პლანტაჰოფიდან” ექვსი საერთაშორისოდ აღიარებული ტრენინგ-პროგრამის გადმოტანა მოხდება. ახალი პროექტის შესახებ „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა BMG-სთან ისაუბრა. 

ტრენინგ ცენტრის სასწავლო კურსები სტუდენტებს ცხოველთა მოვლის, კვებისა და ჯანმრთელობის დაცვის, ასევე რძის გადამუშავების, მემცენარეობა-აგრომექანიზაციის, საძოვრების მართვისა და საკვების კონსერვაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.

„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ დაინტერესებულ პირებს მოქნილ სასწავლო გრაფიკს, საერთო საცხოვრებელსა და დისტანციური სწავლების შესაძლებლობებს სთავაზობს. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს 170-მდე მსმენელი გაივლის და 100 გადამზადებული კურსდამთავრებული დასაქმების პირობებს გაიუმჯობესებს.

„ეს ცენტრი მოემსახურება 170-მდე ახალგაზრდას, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში გადავამზადებთ, მაგალითად საძოვრების მენეჯმენტის სისტემაში, ასევე გადამუშავების. არის მოთხოვნა, რომ უფრო ფართოდ გავიდეთ რეგიონებში, უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება, ვინც უკვე მოქმედი ფერმერია ან მცირე მეწარმე, რომ უფრო სწორი ცოდნა და საჭირო სიახლეები მიიღოს ჩვენგან. დაახლოებით 6 მიმართულება იქნება, ეს ყველაფერი მიბმულია რძესთან, საკვებ წარმოებასთან, მემცენარეობასთან, მექანიზაციასთან - ყველაფერი ის, რისი ცოდნაც საჭიროა, რომ წარმატებული ფერმერი იყო. გადაამუშაო მეტი რძე და მიიღო კარგი პროდუქტი, იქნება ეს ყველი თუ სხვა“, - განაცხადა „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“-ს დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა.

„ამ ტრენინგ ცენტრში ახალგაზრდები შეძლებენ შეიძინონ ის ცოდნა, რაც მათ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ცენტრი უდიდეს როლს ითამაშებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში, გაიზრდება ადგილობრივი წარმოება, იმპორტზე დამოკიდებულება კი - შემცირდება. ეს ყველაფერი საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს“, - აცხადებს USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსონი.

როგორც ჩართული მხარეები აცხადებენ, პროექტის მიზანია, შვეიცარიული დუალური სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული მაღალხარისხიანი პრაქტიკული პროგრამების შეთავაზების გზით, ფერმერებსა და რძის გადამმუშავებლებს, დასაქმებისა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად ზრდის შესაძლებლობები მიეცეთ.

ცნობისთვის: „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“, როგორც არაკომერციული კერძო ინიციატივა, საქართველოში 2021 წელს დაფუძნდა. შვეიცარიული დუალური განათლების მოდელის მიხედვით შექმნილი კოლეჯი, მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაშია სპეციალიზებული. ცენტრი დაინტერესებულ პირებს ფერმერობისა და რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან პრაქტიკულ პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს.