მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ კრიხში ახალი ტურისტული ობიექტი „ფლორა რაჭა“ ამოქმედდა

637dddaca5848
თინათინ ნატმელაძე
23.11.22 22:20
1633
რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში 250 000 დოლარის ინვესტირებით კოტეჯების კომპლექსი „ფლორა რაჭა“ ამოქმედდა. ახალმა ტურისტულმა ლოკაციამ, რომელიც 8 კეთილმოწყობილ კოტეჯს აერთიანებს, პირველი სტუმრები ნოემბრის დასაწყისში მიიღო.

„ფლორა რაჭას“ დამფუძნებელი ანა ენუქიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში რაჭის ცნობადობის გაზრდამ, რეგიონში ინვესტიციის ჩადება და ტურისტული სივრცეების შექმნა შესაძლებელი გახადა, რის გამოც ტურისტული ადგილის ამოქმედება გადაწყვიტეს.

„რაჭველი ვარ, ამიტომ თუ როდისმე რამე პირადი ბიზნესი მექნებოდა, ეს აუცილებლად რაჭას დაუკავშირდებოდა. პირადი ინტერესის გარდა, ეს არის სურვილი, რომ ჩემი კუთხე განვითარდეს და სულ უფრო მეტი კმაყოფილი დამსვენებელი გაუშვას. მიუხედავად იმისა, რომ აქ ზაფხული ბევრად უფრო აქტიური სეზონია, მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ბოლო წლებში რაჭის ცნობადობის გაზრდამ ზამთრის სეზონზეც ბევრი სტუმარი მოიზიდა, ამიტომ ახლა უკვე აქ ინვესტიციის ჩადება და ტურისტული სივრცეების შექმნა ღირს. ძირითადი აქცენტი კომფორტზე გავაკეთეთ და სამწლიანი მშენებლობის შემდეგ 8 სხვადასხვა ზომის კოტეჯს ვაერთიანებთ“, - განახადა ანა ენუქიძემ.

„ფლორა რაჭას“ მშენებლობას და გახსნას თან ბევრი სირთულე ახლდა, ენუქიძის თქმით, სამი წლის წინ დაწყებული პროექტის ღირებულება მასალებისა და მუშა-ხელის ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯების გამო, საბოლოოდ სამჯერ გაძვირდა.

„რაჭაში არც მუშახელია და არც სამშენებლო მასალები იყიდება, ამიტომ ყველაფრის თბილისიდან მობილიზება გვიწევდა, რის გამოც გაწერილ ხარჯთაღრიცხვას ტრანსპორტირების ხარჯები და ამხელა გზაზე ჩამოყვანილი მუშახელის დამატებითი ანაზღაურებაც ემატებოდა. მეორე მნიშვნელოვანი დაბრკოლება მასალის ფასის მკვეთრი ცვლა იყო - პანდემიის პერიოდში მშენებლობა შევაჩერეთ და როდესაც გავაახლეთ, უკვე ყველაფერი სამჯერ გაძვირებული დაგვხვდა. საბოლოოდ, ბევრად ავცდით მოლოდინს, რადგან კოტეჯების მოსაწყობად სხვა თანხა გვქონდა გათვლილი. ჯამში, პროექტში 250 000 დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ, აქედან 80% ჩვენი პირადი ინვესტიცია იყო, დანარჩენი კი ბანკის ვალდებულებაა.

ამას ისიც ემატება, რომ რაჭაში ცხოვრება ძალიან რთულია, ამჟამად 2 ადამიანს ვასაქმებთ. ზაფხულში კი როცა სრული დატვირთვით ვიმუშავებთ, დამატებითი კადრები დაგვჭირდება, თუმცა აქ კადრები არ არიან, ყველა მიდის და არავინაა, ვინც ადგილზე იმუშავებს, უცებ რამე რომ გაგიფუჭდეს, ხელოსანიც კი არ არის, რომელიც შეკეთებაში დაგეხმარება. ერთადერთი გამოსავალი ადამიანების რაჭაში დაბრუნებაა, სხვა გზა არ არსებობს“, - ამბობს ანა ენუქიძე.

„ფლორა რაჭას“ დამფუძნებლებს სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად უკვე სამომავლო გეგმებიც ჩამოყალიბებული აქვთ:"ვგეგმავთ ზაფხულისთვის მცირე საკვები ობიექტის დამატებას, მაღალი გამავლობის მანქანის და კვადროციკლების შეძენას, რომელიც რაჭაში შიდა ტურების ორგანიზებისთვის იქნება განკუთვნილი".

რაც შეეხება „ფლორა რაჭას“ კოტეჯებში ღამის გატარების საფასურს, ის სეზონისა და კოტეჯის ზომის მიხედვით იცვლება და 120-დან 400 ლარამდე მერყეობს.