მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსების მძღოლებს მომსახურების ხარისხის მხრივ, მოთხოვნები უნდა დაუწესდეთ - ლალიაშვილი

63de3b882f70c
თინათინ ნატმელაძე
04.02.23 16:01
763
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მედიასთან საუბრისას ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს აფასებს და აღნიშნავს, რომ A კატეგორიის ნებართვა, რომელსაც საფასური მიენიჭა, ძალიან ღირებულია როგორც ტაქსის მძღოლების, ისე სხვა პირებისთვისაც.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებთან ერთად გაკონტროლდეს ტაქსის მძღოლების კვალიფიკაცია და მომსახურების ხარისხი.

„ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტულად როგორ გაგრძელდება რეფორმა. გამომდინარე იქიდან, რომ სენსიტიური და მასშტაბურია ეს რეფორმა, ბევრ ადამიანს ეხება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ A კატეგორიის ნებართვა ლიმიტირებულია და დაახლოებით ერთი თვეა ვადა, რომ ეს ნებართვა აიღონ, მნიშვნელოვანია, გაკონტროლდეს მომსახურების ხარისხიც. იმ პირებს, ვისაც ექნებათ A კატეგორიის ნებართვა, თუ კონკრეტული პირობები და მოთხოვნები არ წაუყენდათ, შესაძლოა, რომ ხარისხი გაგვექცეს.

ამ ეტაპზე შეიძლება მეტი ყურადღება დაეთმოს იმას, თუ რას ნიშნავს A და B კატეგორიის ნებართვა, მაგრამ მომავალში ეს რეფორმა მგზავრების უსაფრთხოებასა და კონტროლზე უნდა იყოს მორგებული, ამიტომ უნდა განისაზღვროს ერთგვარი პირობებიც.

ჯერჯერობით მძღოლების კვალიფიკაციის მიმართულებით მუშაობის საკითხი განსაზღვრული არ არის, თუმცა, როდესაც ნებართვების ეტაპს გადავაგორებთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ მძღოლების მომსახურების ხარისხი, უნარ-ჩვევები, ქალაქის ცოდნა და ის საკითხები, რაც მომხმარებელს სჭირდება“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერია 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. მერიის ინფორმაციით, მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

თბილისის მერიის ცნობით, 1-ელი აპრილიდან მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს. მისი მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით მიღების გზით იმ პირისგან იქნება შესაძლებელი, რომელიც საკუთრებაში ფლობს ამ ნებართვას.

აღსანიშნავია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აქამდე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირებზე არ ხდებოდა.