მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში აცრის კაბინეტების რიცხვი გაიზრდება? - ტიკარაძე ერთს ამბობს, გამყრელიძე - მეორეს

60acc644ba6ae
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 14:40
547
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ვაქცინაციაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდების გასაზრდელად ამცრელი კაბინეტების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე,  21 მაისს საპირისპირო კომენტარი  ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ თბილისში ვაქცინაციის კაბინეტების რიცხვი არ გაიზრდებოდა. "ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ თბილისში კაბინეტები არის დასამატებელი, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ აქტივობა უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში და ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გვქონდეს ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი. საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

NCDC-ის ხელმძღვანელმა კი დღეს აღნიშნა, რომ დედაქალაქში ამცრელი კაბინეტების რიცხვი 10-ით ან 20-ით გაიზრდება.

„დღეისთვის ქვეყანაში აცრებს 127 სამედიცინო დაწესებულება ატრებს, 236 ბრიგადით. ყველა ბრიგადამ რომ კვირაში 7 დღე იმუშაოს, მაშინ მათი გამტარუნარიანობა 10 000 სცილდება, მაგრამ მოგეხსენებათ, რეგიონებში და ასევე ქალაქებში მთელი რიგი ბრიგადები ყოველდღიურად არ მუშაობენ. ისინი კვირაში 3 დღე მუშაობენ, ამიტომ დღევანდელი გამრტარუნარიანობა 5 000-მდეა. თბილისში „სინოვაკზე“ უკვე 15 000 ადამიანია ჩაწერილი. რეგიონებში არის ადგილები, თბილისში პრობლემებია, ამიტომ ვფიქრობ, დედაქალაქში 10-დან 20-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატება, რომ თბილისში მიწოდება გავზარდოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, აცრების 70% - თბილისზე, 9%-9% - იმერეთსა და აჭარაზე მოდის, დანარჩენი რაოდენობა კი სხვა რეგიონებზე მოდის.

„დღეს თბილისში მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებას, განსაკუთრებით „სინოვაკზე“. „ასტრაზენეკასა და „სინოფარმზეც“ ნორმალური მდგომარეობაა“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ „სინოფარმის“ პირველი დოზებით აცრა გუშინ დასრულდა. ის, დაახლოებით, 43 000-მა ადამიანმა გაიკეთა და დღეიდან მეორე დოზით ადმინისტრირება დაიწყო, რომელიც 22 ივნისისთვის სრულად უნდა დასრულდეს.